დაპირისპირება სუდანში

CNN: სუდანში ვაგნერის მხარდაჭერილ ძალებზე იერიშების უკან შეიძლება უკრაინა იდგეს

კადრი CNN-ის მოპოვებული ვიდეოდან

CNN-ის გამოძიების მიხედვით, სუდანის დედაქალაქთან ახლოს კსკ ვაგნერის მხარდაჭერილ ჯგუფზე მიტანილი იერიშების უკან, დიდი ალბათობით, უკრაინის სპეცსამსახურები დგანან. საუბარია როგორც დრონით შესრულებულ თავდასხმებზე, ისე რამდენიმე მცირე ზომის სახმელეთო ოპერაციაზე.

როგორც CNN-ი წერს, მათთან ანონიმურად ისაუბრა უკრაინის სამხედრო წყარომ და ვაგნერის მხარდაჭერილ სწრაფი რეაგირების ძალებზე (RSF) განხორციელებულ თავდასხმებზე თქვა, რომ ეს არ იყო სუდანის არმიის მიერ შესრულებული სამუშაო. კითხვაზე, იდგა თუ არა კიევი ამ თავდასხმების უკან, წყარომ CNN-თან თქვა, რომ "პასუხისმგებლები, ალბათ, უკრაინის სპეცსამსახურები არიან".

CNN-მა დამოუკიდებლად ვერ შეძლო დაედასტურებინა, იყვნენ თუ არა უკრაინის სპეცსამსახურები მსგავს ოპერაციებში ჩართული, თუმცა მათ მოიპოვეს ვიდეოკადრები, რომლებში ჩანს დრონებით მიტანილი იერიშები. მსგავს ტექნიკას უკრაინელები რუსების წინააღმდეგ ომში იყენებენ.

CNN-ი ხაზს უსვამს, რომ მათ მიერ მოპოვებულ ერთ-ერთ კადრში დრონის მართვის ეკრანზე ჩანს უკრაინული ტექსტი - Зупинити - ანუ შეჩერება.

სუდანის არმიის მაღალი რანგის წარმომადგენელმა CNN-თან თქვა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია ქვეყანაში უკრაინელების ჩატარებული ოპერაციის შესახებ და არ სჯერა, რომ ეს ცნობა სიმართლეს შეესაბამება.

CNN-თან რამდენიმე ამერიკელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ არ იცოდნენ მსგავსი შემთხვევების შესახებ და გამოხატეს გაკვირვება ვერსიაზე, რომ ეს ოპერაციები შესაძლოა უკრაინელების ჩატარებული იყოს.

სისხლი და ოქრო – ვაგნერის ჯგუფისა და ევგენი პრიგოჟინის აქტიურობა სუდანში

კადრებში ჩანს სამოქალაქო დრონებით ხართუმისა და ომდურმანის მიდამოებში RSF-ის ძალებზე განხორციელებული თავდასხმები.

თავდასსხმებიდან 2 დღით ადრე, ვაგნერმა სუდანში RSF-ისთვის ალ-ზურუგში შეიარაღების დიდი მარაგი ჩაიტანა, როგორც ამას ამბობს CNN-ის წყარო სუდანის მაღალი რანგის წარმომადგენლობიდან. მან მედიას უთხრა, რომ ვაგნერის შეიარაღება რამდენიმე სატვირთო მანქანით ალ-ზურუგში 6 სექტემბერს ჩავიდა. CNN-მა მოიპოვა სატელიტური ფოტოები, რომლებშიც ჩანს 100-ზე მეტი მანქანა იმ დღესა და იმ ადგილზე, რომელზეც სუდანელი მაღალჩინოსანი საუბრობდა. ამას გარდა, ჩადიდან ორმა წყარომ CNN-თან თქვა, რომ ვაგნერის შეიარაღების კოლონა სუდანში მათი ქვეყნის გავლით გადავიდა. CNN-ი ხაზს უსვამს, რომ ეს შესაძლოა მიუთითებდეს, რომ ვაგნერის გავლენამ ფეხი ჩადშიც მოიკიდა. 

სუდანში დაპირისპირება აპრილში დაიწყო. ერთმანეთთან იბრძვიან ყოფილი მოკავშირეები: სუდანის არმია, რომელსაც გენერალი აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი მეთაურობს და სწრაფი რეაგირების ძალები (RSF), რომლის მეთაურიც მუჰამედ ჰამდან დაგლოა. 

მას შემდეგ, რაც კსკ ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი თვითმფრინავის ჩამოვარდნას ემსხვერპლა, მისი ჯგუფის გავლენების ხელში ჩაგდებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცდილობს. 

კომენტარები