ჩინეთი-ტაივანი

პენტაგონი: ჩინეთი, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს ტაივანის ბლოკადაში მოქცევას

ტაივანის დროშის აღმართვა. თაიფეის თავისუფლების მოედანი, ტაივანი. 2018 წელი.
Reuters

პენტაგონის მაღალჩინოსნების მიერ კონგრესისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთი, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს ტაივანის ბლოკადაში მოქცევას, კუნძულზე პირდაპირი სამხედრო შეჭრით წარმატების მიღწევა კი პეკინისთვის უკიდურესად რთული იქნება.

ინდო-წყნარი ოკეანეთის საკითხებში აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილის, ელი რატნერის თქმით, ტაივანის ბლოკადის ეკონომიკური გავლენა იმდენად დამღუპველი იქნება, რომ პეკინის წინააღმდეგ მოქმედებისთვის ტაიპეის მოკავშირეებისა და სხვა საერთაშორისო აქტორების ჩართულობას გააძლიერებს, ბლოკადა კი მათ რესურსების მობილიზებისთვის დროს მისცემს.

"[ბლოკადა] სავარაუდოდ წარმატებას ვერ მიაღწევს და ჩსრ-სთვის ეს ესკალაციის უდიდესი რისკი იქნება, სადაც მას, სავარაუდოდ, მოუწევს განიხილოს აქვს თუ არა სურვილი კომერციულ საზღვაო გემებზე შეტევა დაიწყოს". - თქვა რატნერმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის აკრონიმის გამოყენებით, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

აშშ-ს არმიის გენერალ-მაიორმა, სტრატეგიის, გეგმებისა და პოლიტიკის საკითხებში პენტაგონის გაერთიანებული შტაბის ვიცედირექტორმა, ჯოზეფ მაკგიმ აღნიშნა, რომ ბლოკადის სავარაუდო გამოწვევებიდან გამომდინარე, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ჩინეთი ამ გზას აირჩევს.

"ჩემი აზრით ეს ერთი არჩევანია, თუმცა, ალბათ, არც ისე კარგი არჩევანი, როდესაც სამხედრო ვარიანტების განხილვას დაიწყებ - ბევრად უფრო ადვილია ბლოკადაზე საუბარი, ვიდრე ბლოკადის განხორციელება". - თქვა მაკგიმ.

მისივე თქმით, ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელ არმიას კუნძულზე პირდაპირი შეტევა გაუჭირდება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სამხედრო მოქმედებების მოულოდნელად დაწყების შესაძლებლობა არ ექნება.

"მათ მოუწევთ ათობით ათასი, შესაძლოა ასობით ათასი ჯარისკაცის მოგროვება აღმოსავლეთ სანაპიროზე და ეს ნათელი სიგნალი იქნება". - აღნიშნა მაკგიმ და დასძინა, რომ კუნძულის ლანდშაფტისა და იქაური მოსახლეობის ბრძოლისუნარიანობის გათვალისწინებით, "სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის ტაივანში შეჭრასთან დაკავშირებით ადვილი აბსოლუტურად არაფერია".

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩინეთი ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროებთან გაფართოებულ საჰაერო ბაზებზე მუდმივი განლაგებისთვის ახალ გამანადგურებლებსა და დრონებს აგზავნის.

ჩინეთმა ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნები, რომლებიც კუნძულზე თავდაცვის სიმულაციას ახდენდა, 2022 წლის აგვისტოში და 2023 წლის აპრილში გამართა.

მიმდინარე წლის თებერვალში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბარნსმა თქვა, რომ სი ძინფინგმა შეიარაღებულ ძალებს მისცა დავალება, 2027 წლისთვის ტაივანში შესაჭრელად მზად იყვნენ, თუმცა უცნობია რა გზას აირჩევს სი კუნძულზე პეკინის სუვერენიტეტის გასავრცელებლად.

კომენტარები