ჩინეთი-ტაივანი

ჩინეთმა ტაივანისკენ ათობით სამხედრო თვითმფრინავი და გემი გაგზავნა

ტაივანის საჰაერო ძალების F-16 (დაბლა) და ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საჰაერო ძალების H-6 (მაღლა) ტაივანთან. 2020 წლის 10 თებერვალი.
ჩინეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო / AP

26 აგვისტოს ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთმა კუნძულისკენ ათობით თვითმფრინავი და ხომალდი გაგზავნა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ტაივანის შეიარაღებულმა ძალებმა 25 აგვისტოს დილის ექვსი საათიდან 26 აგვისტოს დილის ექვს საათამდე პერიოდში ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის კუთვნილი 32 თვითმფრინავი და საზღვაო ძალების კუთვნილი 9 ხომალდი შენიშნეს. აქედან 20-მა თვითმფრინავმა ტაივანის სრუტის მედიანური ხაზი, ტაივანსა და ჩინეთს შორის არსებული არაოფიციალური საზღვარი გადაკვეთა, ან კუნძულის საჰაერო თავდაცვის იდენტიფიკაციის ზონაში შეიჭრა.

საპასუხოდ, ტაივანმა საკუთარი თვითმფრინავები, გემები და სარაკეტო სისტემები მზადყოფნაში მოიყვანა.

ჩინეთის ქმედებები ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ტაიპეისთვის $500 მილიონის ღირებულების შეიარაღების მიყიდვის დამტკიცებას მოჰყვა. ამ შეთანხმებით აშშ ტაივანს F-16 ტიპის გამანადგურებლებთან დაკავშირებულ აღჭურვილობასა და სხვა სისტემებს მიჰყიდის.

ტაიპეისა და პეკინს შორის ურთიერთობები კიდევ ერთხელ მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქვეყნის ვიცეპრეზიდენტი, უილიამ ლაი 12 აგვისტოს აშშ-ს ეწვია. ვიზიტის პასუხად ჩინეთმა კუნძულის მახლობლად სამხედრო წვრთნები გამართა.

ჩინეთი არაფრისგან აურზაურს ქმნის – ტაივანის ვიცეპრეზიდენტი


ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა.

კომენტარები