ტაივანი

ტაივანი: როგორც ჩანს, ჩინეთის სამხედრო წვრთნები კუნძულზე თავდასხმის სიმულაციაა

AP Photo/Ng Han Guan

ტაივანის ცნობით, როგორც ირკვევა ჩინეთის სამხედრო წვრთნები კუნძულზე თავდასხმის სიმულაციაა: ჩინურმა სამხედრო ხომალდებმა და საბრძოლო თვითმფრინავებმა ნენსი პელოსის კუნძულზე ვიზიტის პასუხად ტაივანის სრუტის ბუფერული ზონა გადაკვეთეს. 

ტაივანის შეიარაღებულმა ძალებმა კუნძულის გარშემო საჰაერო და საზღვაო დაცვა გააძლიერეს, გააქტიურეს სახმელეთო სარაკეტო სისტემები. ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 20 ჩინური თვითმფრინავი და 14 გემი ატარებდა ტაივანის სრუტის გარშემო საზღვაო და საჰაერო წვრთნებს. 

ტაივანის განცხადებით, წვრთნები მნიშვნელოვნად აზიანებს რეგიონულ უსაფრთხოებას. განცხადების მიხედვით, რომ ტაივანის სამხედროებს არ სურთ ომი, მაგრამ, თუ საჭირო იქნება, აგრესიაზე საპასუხოდ მზად იქნებიან.

ტაივანმა სამხედროები მზადყოფნაში მოიყვანა და სამოქალაქო თავდაცვის წვრთნები დაიწყო, ხოლო აშშ-მ ტაივანთან საზღვაო ძალები განათავსა.

5 აგვისტოს ჩინეთმა გაგზავნა სამხედრო ხომალდები და საბრძოლო თვითმფრინავები ტაივანის გარშემო განათავსა. გუშინ, 4 აგვისტოს კი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის პასუხად სამხედრო წვრთნები დაიწყო. 

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასროლილი რაკეტები იაპონიის წყლებშიც ჩამოვარდა. ტოკიომ ჩინეთს წვრთნების სასწრაფოდ შეჩერებისკენ მოუწოდა.

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის მსგავსად მოქმედებაში დაადანაშაულა - კიმ ჩენ ინის რეჟიმი ჯიუტად ცდის რაკეტებს სხვა ქვეყნების მახლობლად. 

წვრთნები 7 აგვისტოს უნდა დასრულდეს. ჩრდილოეთით, აღმოსავლეთითა და სამხრეთით წვრთნების სივრცე შუაზე ყოფს იმ ტერიტორიული წყლების 19 კილომეტრიან სივრცეს, რომელსაც ტაივანი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. ტაივანის წარმომადგენლების მიხედვით, მსგავსი მოქმედებები ტაივანის ზღვისა და საჰაერო სივრცის ჩაკეტვის ტოლფასია. 

ნენსი პელოსი ბოლო 25 წელში ყველაზე მაღალი თანამდებობის ამერიკელია, რომელიც ტაივანს ეწვია. ამას გარდა, უკვე მრავალი წელია, რაც პელოსი პეკინის პოლიტიკას აქტიურად აკრიტიკებს. 

პელოსის ტაივანში მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას თან სდევდა პეკინის უკმაყოფილება, რომელიც მუქარაში გადაიზარდა და გამაფრთხილებელი კომენტარების გავრცელება დაიწყო.

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა. 

ჩინეთი კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. "ერთი ჩინეთის" პოლიტიკა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში. ნენსი პელოსის ვიზიტის მიუხედავად, აშშ-ს წარმომადგენლებმა და თავად პელოსმაც რამდენიმეჯერ განმარტეს, რომ აშშ "ერთი ჩინეთის" პოლიტიკის ერთგული რჩება. 

 

კომენტარები