ჩინეთი-ტაივანი

ჩინური ბუშტები შემაწუხებელია, ისინი საფრთხეს უქმნიან საჰაერო მიმოსვლას – ტაივანი

ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბუშტი, რომელიც აშშ-ს საჰაერო ძალებმა 4 თებერვალს ჩამოაგდეს.
AP

6 იანვარს ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ ჩინეთის მიერ კუნძულის თავზე სადაზვერვო ბუშტების ხშირად გაგზავნას შემაწუხებელი მოქმედება უწოდა და პეკინი ტაივანში საზოგადოებრივ განწყობებზე ზემოქმედების მცდელობაში დაადანაშაულა.

ტაივანის ოფიციალური სამხედრო საინფორმაციო სააგენტოს მოხსენების თანახმად, სამინისტროს ანალიზმა დაადგინა, რომ ბუშტების მარშრუტები სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა საერთაშორისო სამგზავრო ფრენებს. სამინისტრომ ჩინეთს მოუწოდა, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მსგავსი აქტივობები დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.

"სამინისტრომ მოუწოდა [ტაივანელ] ხალხს, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის კოგნიტიური საბრძოლო მეთოდები კარგად გაითავისონ და მშვიდად შეხვდნენ მას, რათა თავიდან აიცილონ მისი ზემოქმედება“. - ნათქვამია სააგენტოს მოხსენებაში.

ბუშტების ზუსტი დანიშნულება ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა ჩინეთმა ტაივანი და ამერიკული მედია "ამინდის უწყინარი ბუშტების" შესახებ ტყუილების გავრცელებაში დაადანაშაულა.

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ თვეში ჩინური ბუშტები როგორც კუნძულის მახლობლად, ისე მის თავზე დაფრინავდნენ. 6 იანვარს გავრცელებული განცხადების თანახმად, 5 იანვარს ტაივანის სრუტის თავზე კიდევ 2 მსგავსი ბუშტი შენიშნეს.

ბუშტებთან დაკავშირებული ინციდენტები დროში ემთხვევა ტაივანში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 13 იანვარს უნდა გაიმართოს. წინასაარჩევნო პერიოდში მხარეების დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ჩინეთთან ურთიერთობა იყო.

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა.

კომენტარები