ჩინეთი-ტაივანი

ტაივანის პრეზიდენტი: ხმის მიცემისას იფიქრეთ იმაზე, რა დაემართა ჰონგ-კონგს

ცაი ინ-ვენი

ტაივანის პრეზიდენტმა, ცაი ინგ-ვენმა 3 დეკემბერს ამომრჩევლებს მოუწოდა მომავალ თვეში გასამართ არჩევნებში ხმის მიცემისას დაფიქრდნენ იმაზე, რა დაემართა ჩინეთის მიერ კონტროლირებად ჰონგ-კონგს და აღნიშნა, რომ მშვიდობის მხარდაჭერა მხოლოდ თავდაცვის გაძლიერებით არის შესაძლებელი.

"მინდა აქ ყველას გკითხოთ, ვინმეს ომი უნდა? არავის. შეხედეთ ჰონგ-კონგს და იფიქრეთ ტაივანზე. ჩვენ არ გვინდა ჰონგ-კონგის სტილის მშვიდობა. ჩვენ ღირსეული მშვიდობა გვინდა... მშვიდობის უზრუნველსაყოფად უნდა გავაძლიეროთ თავდაცვის უნარი. ჩვენს სახლს ექნება საკეტები, მაგრამ არა ჩვენი მეზობლების პროვოცირების მიზნით. მხოლოდ მონდომებით შეგვიძლია დავიცვათ ღირსება და მხოლოდ ძალით შევძლებთ მშვიდობის უზრუნველყოფას". - თქვა ცაიმ ტაიპეიში მმართველი პარტიის კანდიდატის, ვიცეპრეზიდენტ ლაი ჩინგ-ტეს კამპანიის მიტინგზე მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

ბრიტანეთის ყოფილი კოლონია ჰონგ-კონგი ჩინეთის მმართველობას 1997 წელს, ფართო ავტონომიის დაპირებით, ერთი ქვეყანა, ორი სისტემის პოლიტიკის ფარგლებში დაუბრუნდა. ეს კონცეფცია ჩინეთმა ტაივანსაც შესთავაზა, თუმცა ინიციატივას კუნძულზე მხარდაჭერა არ ჰქონია.

ჩინეთმა და ტაივანის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, კუომინტანგმა (KMT) მოახლოებული არჩევნები ომსა და მშვიდობას შორის არჩევანად მონათლეს. KMT-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ხოუ იუ-იმ 2 დეკემბერს თქვა, რომ მმართველი პარტიისთვის ხმის მიცემა ნიშნავს "ყველას ბრძოლის ველზე გაგზავნას", რადგან ტაივანის დამოუკიდებლობის მხარდაჭერა ომს გამოიწვევს.

კუომინტანგი ტრადიციულად ჩინეთთან მჭიდრო კავშირების მომხრეა, თუმცა უარყოფს, რომ მისი მხარდაჭერილი პოლიტიკა პროჩინურია. პარტიამ გასცა დაპირება, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ჩინეთთან მოლაპარაკებებს განაახლებს.


ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა.

კომენტარები