ჩინეთი-ტაივანი

ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში 28 ჩინური თვითმფრინავი შევიდა

REUTERS/Dado Ruvic/Illustration/file photo

ტაივანის სრუტეში დაძაბულობის ზრდის პარალელურად, 13 სექტემბერს ჩინეთის საჰაერო ძალების 28 თვითმფრინავი ტაივენის საჰაერო თავდაცვის ზონაში შევიდა.

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ადგილობრივი დროით დილის 6 საათიდან ჩინური საომარი თვითმფრინავები, მათ შორის J-10 გამანადგურებლები კუნძულის საჰაერო თავდაცვის იდენტიფიკაციის ზონის (ADIZ) სამხრეთ-დასავლეთის ნაწილში შევიდნენ. ტაივანმა საპასუხოდ საკუთარი გამანადგურებლები ააფრინა და საჰაერო თავდაცვის სისტემები გაააქტიურა.

სამინისტროს ინფორმაციით, შანტონგის ავიამზიდთან ერთად წვრთნების ჩასატარებლად ზოგიერთმა ჩინურმა თვითმფრინავმა ფილიპინებსა და ტაივანს შორის მდებარე ბაშის არხი გადაკვეთა. შანტონგის მეთაურობით ჩინეთის საზღვაო ფორმირება წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში წვრთნებისთვის ორშაბათს, 11 სექტემბერს შევიდა.

ამას გარდა, 13 სექტემბერს ბაშის არხისა და მიაკოს სრუტის გავლით წყნარ ოკეანეში გაცურა 20-ზე მეტმა ჩინურმა ხომალდმა, მათ შორის 055 ტიპის გამანადგურებლებმა.

წვრთნები, სავარაუდოდ, 9 სექტემბერს ამერიკული და კანადური საბრძოლო ხომალდების ტაივანის სრუტეში გაცურვაზე პასუხია. აშშ-ს საზღვაო ძალების ინფორმაციით, ორმა ქვეყანამ მიმდინარე კვირაში სამხედრო წვრთნები სამხრეთ ჩინეთის ზღვაშიც ჩაატარა.


ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა.

კომენტარები