კახა კალაძე

ის, რომ მე ვიქირავე თვითმფრინავი, სახელმწიფოს უმცირებს ხარჯებს – კალაძე

"თვითმფრინავი დაფრინავს თუ არა, მას აქვს კონკრეტული ხარჯები: პილოტები, მისი შენახვა და ასე შემდეგ, უამრავი ხარჯია. შესაბამისად, ის, რომ მე ვიქირავე თვითმფრინავი, ეს, პირიქით, სახელმწიფოს უმცირებს ხარჯებს", – თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ კახა კალაძე ამტკიცებს, რომ თვითმფრინავი თავისი ფულით დაიქირავა და ბიუჯეტის სახსრები არ გამოუყენებია. 

"მე არაფერი დასამალი არ მაქვს. რაც არ უნდა ჩხრიკოთ, რაც არ უნდა ეძებოთ, ვერაფერს ვერ ნახავთ ისეთს, რომ კახა კალაძეს რაიმე არასწორი, არაკანონიერი, კანონის საწინააღმდეგო ჩაედინოს", – თქვა მან.

თხოვნაზე, რომ მერმა საკუთარი ხარჯები გაასაჯაროოს, კალაძე ამბობს, რომ ამის ვალდებულება არ აქვს. ის ჟურნალისტებს მოუწოდებს, შესაბამისი უწყებებისგან მოითხოვონ ინფორმაცია. 

 "მე არ მაქვს ვალდებულება, რომ გავასაჯაროო. თქვენ მაბრალებთ რაღაცას და თქვენ გაქვთ ვალდებულება, რომ დაამტკიცოთ ის, რასაც ამბობთ." – განაცხადა კალაძემ.


TV პირველის ინფორმაციით, კახა კალაძემ სამთავრობო თვითმფრინავით პირადი მიზნებით არაერთხელ იფრინა.  ინფორმაციას თავად მერიც ადასტურებს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ თვითმფრინავი თავისი ხარჯით იქირავა. ნოდარ მელაძის შაბათის ცნობით, კახა კალაძემ 2022 წელს ახალი წლის აღსანიშნავად ციურიხში წავიდა, ფრენა კი - სამთავრობო თვითმფრინავმა შეასრულა.

გარდა ამისა, ხაზგასმულია ის შემთხვევებიც, როცა სამთავრობო თვითმფრინავმა გადაუხვია თავის განსაზღვრულ მარშრუტს და მგზავრები მილანში ჩამოსვა. კახა კალაძეს სამთავრობო თვითმფრინავი გამოყენებული აქვს დუბაიში  გასამგზავრებლადაც, რაც მისი თქმით, "გადაუდებელ აუცილებლობას" წარმოადგენდა.

TV პირველის ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ რეისები ბიუჯეტიდან უნდა ყოფილიყო დაფინანსებული, რადგან სამთავრობო თვითმფრინავის პირადი გამოყენებისთვის სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსთვის გადარიცხული თანხა კალაძის დეკლარაციაში აღრიცხული არ არის.

იქამდე, ცნობილი გახდა, რომ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. Georgian Airways-ის ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილი TV პირველთან ამბობს, რომ მისმა კომპანიამ პრემიერმინისტრი მიუნხენში წაიყვანა. 

ამასთან, გაიაშვილი ადასტურებს იმასაც, რომ სამთავრობო ბორტი ერთი კვირის განმავლობაში მიუნხენში იყო გაჩერებული, ეკიპაჟი კი თბილისში 19 აგვისტოსვე დაბრუნდა Georgian Airways-ის სხვა რეისით. თამაზ გაიაშვილის თქმით, ღარიბაშვილის წამოსაყვანად რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მიუნხენში ჩავიდნენ, საიდანაც უკვე პრემიერმინისტრთან ერთად სამთავრობო თვითმფრინავით დაბრუნდნენ.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შვილი, ნიკოლოზი აშშ-ს პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობს, რომელიც ბენჯამინ ფრანკლინის დაარსებულია. 

კომენტარები