ჩინეთი-რუსეთი

ჩინეთის უმაღლესმა დიპლომატმა, ვანგ იმ რუსეთში 4-დღიანი ვიზიტი დაიწყო

ვანგ ი
Footprint to Africa

პუტინისა და სი ძინფინგის მოსალოდნელი შეხვედრის ფონზე, ჩინეთის უმაღლესმა დიპლომატმა, ვანგ იმ ორშაბათს, 18 სექტემბერს რუსეთში 4-დღიანი ვიზიტი დაიწყო.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვანგი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტთან ერთად რანგით უფრო მაღალ, კომუნისტური პარტიის საგარეო საქმეთა ცენტრალური კომისიის ოფისის დირექტორის თანამდებობასაც იკავებს, უსაფრთხოების ყოველწლიურ მოლაპარაკებებს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან, ნიკოლაი პატრუშევთან გამართავს.

გასულ კვირას ვიზიტთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვანგი შეხვდება თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვსაც, რომელთანაც "საკითხთა ფართო სპექტრს", მათ შორის "უფრო მაღალი და უმაღლესი დონის კონტაქტებს" განიხილავს. მხარეები ერთმანეთს დეტალურ შეხედულებებს გაუზიარებენ უკრაინის თემაზეც.

სავარაუდოდ, ვანგის ვიზიტი ჩინეთის დედაქალაქში გასამართი სარტყლისა და გზის მესამე ფორუმის მიმდინარეობისას პუტინის პეკინში ვიზიტს ჩაუყრის საფუძველს. სი ძინფინგმა რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთში მარტში, მოსკოვში ყოფნისას დაპატიჟა.

პუტინი სარტყლისა და გზის პირველ და მეორე ფორუმებსაც დაესწრო 2017 და 2019 წლებში.

რუსეთში ჩასვლამდე ჩინეთის უმაღლესი დიპლომატი მალტაში გაემგზავრა, სადაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა და "კონსტრუქციული " მოლაპარაკებები გამართა. ბოლოს ვანგი მოსკოვში თებერვლის ბოლოს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის წლისთავზე ჩავიდა და სერგეი ლავროვს შეხვდა.

კომენტარები