არგენტინა

არ ვაპირებ ჩინეთთან, რუსეთთან, ბრაზილიასთან საქმის დაჭერას – ხავიერ მილეი

არგენტინის პრეზიდენტობის კანდიდატი, ხავიერ მილეი
Reuters/Agustin Marcarian

არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნების მთავარმა კანდიდატმა, ლიბერტარიანელმა ხავიერ მილეიმ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში თქვა, რომ მისი მმართველობის პირობებში არგენტინა ჩინეთთან, რუსეთთან და ბრაზილიასთან საქმეს არ დაიჭერს.

"საქმის დაჭერას არ ვაპირებ არა მარტო ჩინეთთან, საქმის დაჭერას არ ვაპირებ არცერთ კომუნისტთან. მე თავისუფლების, მშვიდობისა და დემოკრატიის დამცველი ვარ. იქ კომუნისტების ადგილი არ არის. იქ ჩინელების ადგილი არ არის. იქ პუტინის ადგილი არ არის. იქ ლულას ადგილი არ არის.

ჩვენ გვინდა ჩვენი კონტინენტისთვის მორალის შუქურა ვიყოთ. ჩვენ გვინდა ვიყოთ თავისუფლების, დემოკრატიის, მრავალფეროვნებისა და მშვიდობის დამცველები. სახელმწიფოს მხრიდან კომუნისტებთან ან სოციალისტებთან არაფერს გავაკეთებთ. ეს არ ნიშნავს, რომ არგენტინელებს ვაჭრობა არ შეუძლიათ. თუ მათ უნდათ ჩინეთთან, რუსეთთან ან ბრაზილიასთან ვაჭრობა, ეს თითოეული არგენტინელის გადასაწყვეტია". - თქვა მილეიმ.

ინტერვიუს დროს ტაკერ კარლსონმა პოლიტიკოსს მოქმედი პაპის შესახებაც დაუსვა კითხვა. პაპი ფრანცისკე არგენტინელია. მან მილეის მიმართ კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვა, რასაც საპრეზიდენტო კანდიდატმაც უპასუხა და პაპს კომუნისტი უწოდა.

"პაპი პოლიტიკურ თამაშს თამაშობს. მას დიდი პოლიტიკური გავლენა აქვს. მან დიდი მოყვარულობა აჩვენა ისეთი დიქტატორებისა, როგორიცაა კასტრო და მადურო. ის ამ სისხლიანი დიქტატურების მხარესაა... ის მკვლელი კომუნისტების მოყვარეა. უფრო მეტიც, ის არ დაგმობს მათ, საკმაოდ შემწყნარებლურია მათ მიმართ. ის ვენესუელის დიქტატურის მიმართაც შემწყნარებლურია. ის მემარცხენეების მიმართაა შემწყნარებლური მაშინაც კი, როდესაც ისინი ნამდვილი კრიმინალები არიან. ეს არის პრობლემა". - თქვა მილეიმ.

არგენტინის საპრეზიდენტო კანდიდატს კითხეს რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ მისი პოპულარობა ქვეყანაში უეცრად გაიზარდა.

"ჩემი აზრით, ამ პოპულარობის ახსნის ორი გზა არსებობს. ერთი ჩემი პირადი წარსული. ჩემი ცხოვრების განმავლობაში მე ვიყავი ფეხბურთის მოთამაშე და როკჯგუფში ვმღეროდი. ასევე ეკონომისტი ვარ და ვფიქრობ, ეს კომბინაცია მიმზიდველ სატელევიზიო პროდუქტს ქმნის.

მეორე მნიშვნელოვანი გზა ამის ასახსნელად არის ჩემი იდეები. არგენტინა არის ქვეყანა, რომელიც უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში სოციალისტური იდეებით იყო მოცული. ასე რომ, ლიბერალიზმი სისტემის წინააღმდეგ აჯანყების ბუნებრივი ფორმაა. აჯანყება კი ყოველთვის ახალგაზრდობის თაოსნობით ხდება. როდესაც ისინი მე მიყურებენ, ხედავენ ვიღაცას, ვინც ლიბერალიზმზე საუბრობს და სტატუს კვოს წინააღმდეგ ჯანყდება". - აღნიშნა პოლიტიკოსმა.

52 წლის საპრეზიდენტო კანდიდატმა აგვისტოში არგენტინის საპრეზიდენტო პრაიმერიში გაიმარჯვა. ქვეყანაში საყოველთაო არჩევნების პირველი ტური 22 ოქტომბერს, ხოლო მეორე 19 ნოემბერს არის ჩანიშნული.

კომენტარები