საქართველო-რუსეთი

რუსული მედია: რუსეთის საგარეო ოსებს საქართველოში ისტორიული სამშობლოს მონახულებაში დაეხმარა

თრუსოს ხეობა
Wikipedia/Ilona Margalitadze

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, ექვსი ოსური (ჩრდილოეთ ოსეთიდან) გვარის წარმომადგენლებმა "საქართველოში, თრუსოს ხეობაში წინაპრების საფლავები და უძველესი სალოცავი მოინახულეს".

როგორც სამთავრობო მედია წერს, ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ორი თვის განმავლობაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციაში მყოფ წარმომადგენლებს და ასევე ქართულ მხარეს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

"ექვსი ოსური გვარის წარმომადგენლებმა, 23-მა ადამიანმა შეძლო საქართველოში, თრუსოს ხეობაში მდებარე სამშობლოში ჩასვლა. მონახულებაზე შეთანხმება დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის მეთაურის, დმიტრი ტროფიმოვის მონაწილეობით. იმ ხალხის თხოვნის საფუძველზე, რომლის წარმოშობის ადგილი თრუსოს ხეობაა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გეგზავნა ოფიციალური ნოტა, ასევე გამოყენებულ იქნა პირადი კავშირები საქართველოს შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებთან და სამღვდელოების წარმომადგენლებთან". – თქვა ვლადიკავკაზში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბაგირ მამიევმა.

როგორც რუსული მედია წერს, მომლოცველთა რიგებში შედიოდნენ მოხუცები, რომლებიც თრუსოს ხეობაში დაიბადნენ და ისინიც, ვინც აქ პირველად იყვნენ. ამავე ცნობით, მათ გზის გაკვლევაში ქართველი მესაზღვრეები ეხმარებოდნენ.

პირველად ჩრდილოეთ ოსეთიდან მომლოცველებმა თრუსოს ხეობა მსგავს ფორმატში 2021 წლის შემოდგომაზე მოინახულეს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმი პრეტენზიას გამოთქვამს ყაზბეგის რეგიონზე და ამ მიწებს "საქართველოს მიერ ოკუპირებულს" უწოდებს.

კომენტარები