კიმ ჩენ ინი

კიმი რუსეთზე: ვიმედოვნებთ, ჩვენ მუდამ ერთად ვიქნებით იმპერიალიზმთან წინააღმდეგ ბრძოლაში

კიმ ჩენ ინი რუსეთში, 2023 წლის 13 სექტემბერი
კრემლი

კიმ ჩენ ინი და ვლადიმირ პუტინი რამდენიმე საათის წინ კოსმოდრომ ვოსტოჩნიზე შეხვდნენ. ორი ქვეყნის ლიდერმა რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის სამომავლო გეგმების შესახებ ილაპარაკა.

კიმმა განაცხადა, რომ პუტინის ყველა გადაწყვეტილებას მხარს უჭერს და მისი აზრით რუსეთი სუვერენიტეტისთვისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლაშია ჩართული.

"დღეს რუსეთი საკუთარი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად ჰეგემონიური ძალების წინააღმდეგ წმინდა ბრძოლას აწარმოებს. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და მომავალშიც დავუჭერთ პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილებას.  ვიმედოვნებთ, ჩვენ მუდამ ერთად ვიქნებით იმპერიალიზმთან წინააღმდეგ ბრძოლაში". – განაცხადა კიმმა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა თქვა, რომ რუსეთს "მომავლის კოსმოსურ სახელმწიფოდ ხედავს". ასევე სწამს, რომ ორ ქვეყანას აქვს მრავალი სფერო ურთიერთობის გასავითარებლად, ამ სფეროებს შორის არის პოლიტიკა, ეკონომიკა და კულტურა.


12 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში პირადი ბრონირებული მატარებლით ჩავიდა. 13 სექტემბერს კიმი ვლადიმირ პუტინს კოსმოდრომ ვოსტოჩნიზე შეხვდა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან ერთად რუსეთში ჩავიდნენ ქვეყნის სამხედრო შტაბის მაღალჩინოსნები. დასავლური დაზვერვის ინფორმაციით შეხვედრის მთავარი მიზანია ჩრდილოეთ კორეისგან იარაღის შეძენა. 

ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, მხარეები ჩრდილოეთ კორეიდან საარტილერიო ჭურვებისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების რუსეთისთვის მიწოდებას განიხილავენ. კორეის ლიდერი კი რუსეთიდან სასურსათო დახმარებას, ასევე კოსმოსური თანამგზავრებისთვისა და ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიების მიღებას ელის.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, თუ ფხენიანი მოსკოვს უკრაინაში ომის გასაგრძელებლად იარაღს მიაწვდის, ეს "ჩრდილოეთ კორეაზე კარგად არ აისახება და საერთაშორისო საზოგადოებაში ამისთვის ფასს გადაიხდიან".

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით რუსეთს აშშ-ს გაფრთხილება არ აინტერესებს.

კიმი საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტით ოთხი წლის განმავლობაში პირველად გაემგზავრა.

კრემლში განაცხადეს, რომ ლიდერები შეხვედრაზე ორმხრივ თანამშრომლობას, რეგიონალურ პრობლემებსა და საერთაშორისო ამბებს განიხილავენ.

კომენტარები