კიმ ჩენ ინი

კიმ ჩენ ინი ქალიშვილთან ერთად საჯაროდ პირველად გამოჩნდა – რა ვიცით სავარაუდო მემკვიდრეზე?

KCNA VIA REUTERS

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი თავის ქალიშვილთან ერთად საჯაროდ პირველად გამოჩნდა.

გოგონას არსებობის შესახებ აქამდე მხოლოდ მითები არსებობდა. მას შემდეგ, რაც 18 ნოემბრის ბალისტიკური რაკეტის გამოცდას მამა-შვილი ერთად, ხელჩაკიდებული დაესწრო, მისი რეალურობა დამტკიცდა. 

გოგონას სავარაუდო სახელია კიმ ჩუ აე. მის შესახებ ინფორმაცია პირველად 2013 წელს, ამერიკელმა კალათბურთელმა, დენის როდმანმა გაავრცელა. მაშინ კიმ ჩუ აე ჯერ კიდევ ახალშობილი იყო.  

ანალიტიკოსები, რომლებიც ჩრდილოეთ კორეას იკვლევენ, გოგონას გამოჩენამ განსაკუთრებით დააინტერესა. არის, თუ არა კიმ ჩუ აე მემკვიდრე და ვიხილავთ თუ არა ერთ დღესაც მას ქვეყნის ლიდერის პოზიციაზე? გამომდინარე იქიდან, რომ ჩრდილოეთ კორეაში მმართველობა მემკვიდრეობით გადადის, ექსპერტთა აზრით, ეს სავსებით შესაძლებელია. ასევე კითხვის ნიშნები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გადაწყვიტა კიმ ჩენ ინმა მცირეწლოვანი ქალიშვილის საზოგადოების წინაშე  წარდგენა. ეჭვებს აძლიერებს ლიდერის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გავრცელებული სპეკულაციებიც.

ანალიტიკოსების შეფასებით, დიქტატორის მხრიდან ეს ნაბიჯი იმის დემონსტრირების მცდელობაც შეიძლება იყოს, რომ ჩრდილოეთ კორეა არ აპირებს ბირთვულ იარაღზე უარის თქმას და არსებული პოლიტიკა სამომავლოდაც არ შეიცვლება. 

კიმ ჩენ ინის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია უკიდურესად გასაიდუმლოებულია. გავრცელებული მოსაზრებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს სამი შვილი ჰყავს - ორი გოგო და ერთი ბიჭი. კიმ ჩუ აე მისი უფროსი შვილია.

კომენტარები