რუსეთი

რუსეთის სასამართლომ დაღესტნელ ჟურნალისტ აბდულმუმინ გაჯიევს 17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

Daria Kornilova / zona.media

12 სექტემბერს დონის როსტოვის სამხრეთ რაიონულმა სამხედრო სასამართლომ დაღესტნელ ჟურნალისტ აბდულმუმინ გაჯიევს ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობისა და დაფინანსების ბრალდებით 17.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას Mediazona ავრცელებს.

დაღესტნის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკის გაზეთის "ჩერნოვიკის" ყოფილი რედაქტორი 2019 წლის ივნისში დააკავეს და დღემდე პატიმრობაში იმყოფება.

გაჯიევი დამნაშავედ ცნეს ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობაში, მის დაფინანსებასა და ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზებაში. 

ამასთან, როგორც Mediazona წერს, რუსეთის უსაფრთხოების ძალები მიიჩნევენ, რომ გაჯიევი თავისი სტატიებით "ხალხის ცნობიერებაზე გავლენის მოხდენას ცდილობდა".

პროკურორები ასევე აცხადებდნენ, რომ ჟურნალისტის რეპორტაჟები შეიცავს მტკიცებულებებს ტერორისტულ საქმიანობაში მისი მონაწილეობის შესახებ.

გაჯიევმა უარყო ყველა ბრალდება და მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს "სრულად ყალბი" უწოდა.

ამავე საქმეზე გაჯიევთან ერთად ბრალი წარუდგინეს ბიზნესმენ ქემალ ტამბიევსა და ადვოკატ აბუბაკარ რიზვანოვს. შესაბამისად, მათაც 18 და 17.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

ჩერნოვიკის სარედაქციო კოლეგიას და სხვა დამოუკიდებელ ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ გაჯიევის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება არის შურისძიება მისი პროფესიულ საქმიანობის გამო. ისინი გაჯიევის საქმეს ადარებენ Meduza-ს რუსი ჟურნალისტის ივან გოლუნოვის შემთხვევას, როდესაც იგი 2019 წელს დააკავეს ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით. თუმცა, საზოგადოებრივი პროტესტის გამო რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს.  

კომენტარები