ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი

თუ პუტინი ბრაზილიაში ჩამოვა, მისი დაკავება სასამართლოს საქმეა, ჩემი მთავრობის არა – ლულა

ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას თქმით, G20-ის მომავალი წლის სამიტზე, რომელიც რიოში გაიმართება, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ჩამოსვლას გადაწყვეტს, მისი დაკავება სასამართლო სისტემის გადასაწყვეტი იქნება. ამ განცხადებით, ლულამ საკუთარ პოზიციაში უკან დაიხია.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი 2023 წლის მარტში გამოსცა. მას ბრალად ედება ომის დანაშაული, კერძოდ უკრაინიდან ასობით ბავშვის უკანონო დეპორტაცია. რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს.

რამდენიმე დღის წინ ლულამ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თუ პუტინი რიო-დე-ჟანეიროში დიდი ოცეულის სამიტზე ჩავიდოდა, მას "არცერთ შემთხვევაში" დააკავებდნენ.

ბრაზილია რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყანაა. ამ აქტის საფუძველზე შეიქმნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო.

"თუ პუტინი გადაწყვეტს, რომ შემოგვიერთდეს, სასამართლოს გადასაწყვეტია [მისი დაკავების საკითხი] და არა ჩემი მთავრობის". – ნიუ-დელის G20-ის სამიტის დროს განაცხადა ლულამ რეპორტიორებთან საუბრისას. პუტინი არ დასწრებია ამ წლის სამიტს, სავარაუდოდ დაკავების რისკის გამო.

აქამდე ვლადიმირ პუტინი არ დაესწრო ბალისა და ნიუ-დელის სამიტებს, სადაც მისი წარმომადგენელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი იყო.

კომენტარები