რუსეთი-ჩრდილოეთ კორეა

ვლადიმირ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა შესაძლოა 13 სექტემბერს შედგეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი  ფოტოზე მათი შეხვედრის დროს ვლადივოსტოკში, რუსეთი, 2019 წლის 25 აპრილი. 
Reuters 

Interfax-ზე დაყრდნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ერთმანეთს შესაძლოა სამშაბათს, 12 სექტემბერს შეხვდნენ. 

Interfax-ის მიხედვითკიმ ჩენ ინი, სავარაუდოდ, რუსეთში უკვე უკვე გაემგზავრა.

თუ მოგზაურობა დადასტურდება, ეს იქნება ოთხი წლის მანძილზე კიმ ჩენ ინის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ და პირველი მოგზაურობა პანდემიის შემდეგ.

თავდაპირველად, The New York Times-მა, ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია რუსეთში კიმ ჩენ ინისა და პუტინის პოტენციური შეხვედრის შესახებ. 

მოსალოდნელია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთში საკუთარი ბრონირებული მატარებლით ჩავა. წყაროები არ გამორიცხავენ, რომ ის შესაძლოა მოსკოვსაც ეწვიოს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა შეხვედრამდე ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს წერილი მიწერა და უთხრა, რომ იმედოვნებს, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ორმხრივ კავშირებს გაამტკიცებენ. 

ამასთან ერთად, 5 სექტემბერს აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ფხენიანში ვიზიტის შემდეგ, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის იარაღით ვაჭრობაზე შეთანხმება "აქტიურად მიიწევს წინ".

ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, მხარეები ჩრდილოეთ კორეიდან საარტილერიო ჭურვებისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების რუსეთისთვის მიწოდებას განიხილავენ. კორეის ლიდერი კი რუსეთიდან სასურსათო დახმარებას, ასევე კოსმოსური თანამგზავრებისთვისა და ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიების მიღებას ელის.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, თუ ფხენიანი მოსკოვს უკრაინაში ომის გასაგრძელებლად იარაღს მიაწვდის, ეს "ჩრდილოეთ კორეაზე კარგად არ აისახება და საერთაშორისო საზოგადოებაში ამისთვის ფასს გადაიხდიან".

კომენტარები