G20-ის სამიტი ინდოეთში

გლობალურმა სამხრეთმა უზრუნველყო, რომ უკრაინას G20-ის დღის წესრიგი ვერ გადაეფარა – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ინდოეთში, ახალ დელიში, G20-ის სამიტზე, 2023 წლის 10 სექტემბერი.
Reuters

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა G20-ის სამიტს ინდოეთში წარმატებული უწოდა და თქვა, რომ გლობალური სამხრეთის ქვეყნების კონსოლიდირებული პოზიციის გამო, რუსეთმა მოახერხა, რომ უკრაინის კონფლიქტის მიერ G20-ის დღის წესრიგის გადაფარვისთვის ხელი შეეშალა.

ლავროვმა თქვა, რომ ინდოეთმა, როგორც G20-ის პრეზიდენტმა, გადამწყვეტი როლი ითამაშა ერთობლივ დეკლარაციაში უკრაინის პუნქტებთან დაკავშირებით კონსენსუსის ჩამოყალიბებაში. მისივე თქმით, ფორმულირება სრულად ასახავს რუსეთის პოზიციას.

"აბზაცი უფრო მეტად ეხება ზოგადად გეოპოლიტიკურ რეალობას. ის ასევე შეიცავს მნიშვნელოვან პუნქტს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ის სრულად ასახავს ჩვენს პოზიციას." - თქვა ლავროვმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ რუსეთი მზადაა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს, როგორც კი მისი პირობები შესრულდება. მისივე თქმით, რუსეთი აფასებს გაეროს მცდელობებს, ხელი შეუწყოს მარცვლეულის მოლაპარაკებებს, მაგრამ მას "მხოლოდ დასავლეთის მოლაპარაკებები" უწოდა.

პარალელურად, ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვიამ თქვა, რომ G20 არ არის ადგილი, სადაც ომი უნდა განიხილონ. 

"G20 შეიქმნა 2008 წლის კრიზისის შემდეგ და ხელი შეუწყო დისკუსიებს ეკონომიკურ საკითხებზე, ბრეტონ ვუდსის ინსტიტუტებზე, მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდზე. ასე რომ, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს არის შესაფერისი ადგილი ომის განსახილველად აქ, ინდოეთში." - თქვა ლულამ.

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, დაიცვან საერთაშორისო სამართლის პრინციპები, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და მრავალმხრივი სისტემა, რომელიც იცავს მშვიდობასა და სტაბილურობას... მოვესალმებით ყველა მართებულ და კონსტრუქციულ ინიციატივას, რომელიც უკრაინაში ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას უჭერს მხარს... ატომური იარაღის გამოყენებაზე მუქარა მიუღებელია“. - ნათქვამია დეკლარაციაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც G20-ის მიერ მიღებულ საერთო დეკლარაციაში შესწორებებია შეტანილი და დაწერა, რომ G20-ს საამაყო არაფერი აქვს. 

G20-ის ბალის დეკლარაციისგან განსხვავებით, სადაც გარკვევით ეწერა, რომ ქვეყნები "მკაცრად გმობენ რუსეთის ფედერაციის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ", დელის დეკლარაციაში გამოყენებულია სიტყვები არა "ომი უკრაინის წინააღმდეგ", არამედ "ომი უკრაინაში".

კომენტარები