G20-ის სამიტი ინდოეთში

G20-ის სამიტის დეკლარაციაში რუსეთი უკრაინაში ომისთვის დაგმობილი არ არის

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და სხვა ლიდერები უსმენენ ინდოეთის პრემიერის, ნარენდრა მოდის გამოსვლას დიდი ოცეულის სამიტის პირველ სესიაზე ნიუ-დელიში, 2023 წლის 9 სექტემბერი.
Evan Vucci/Pool via REUTERS

9 სექტემბერს დიდი ოცეულის სამიტის მასპინძელი ქვეყნის, ინდოეთის პრემიერმა, ნარენდრა მოდიმ თქვა, რომ ქვეყნებმა საერთო, კონსენსუსზე დაფუძნებული დეკლარაცია მიიღეს. დოკუმენტში უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმობილი არ არის და ის ყველა სახელმწიფოს მოუწოდებს ტერიტორიების დასაკავებლად ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავონ.

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, დაიცვან საერთაშორისო სამართლის პრინციპები, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და მრავალმხრივი სისტემა, რომელიც იცავს მშვიდობასა და სტაბილურობას... მოვესალმებით ყველა მართებულ და კონსტრუქციულ ინიციატივას, რომელიც უკრაინაში ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას უჭერს მხარს... ატომური იარაღის გამოყენებაზე მუქარა მიუღებელია“. - ნათქვამია დეკლარაციაში.

დეკლარაციაში ასევე მოწოდებულია შავი ზღვის ინიციატივის იმპლემენტაცია, რათა რუსეთიდან და უკრაინიდან მარცვლეულის, საკვებისა და სასუქების უსაფრთხო ექსპორტი განხორციელდეს.

უკრაინის ომთან დაკავშირებით G20-ის წევრი ქვეყნების მკვეთრად განსხვავებული პოზიციების გამო, მიმდინარე სამიტზე კონსენსუსზე დაფუძნებული დეკლარაციის მიღება მოსალოდნელი არ იყო. სწორედ ომის შესახებ შეხედულებების გამო, მიმდინარე წელს დიდი ოცეულის ვერც ერთ მინისტერიალზე მხარეები ერთ კომუნიკეზეც კი ვერ შეთანხმდნენ.

"ყველა გუნდის ძალისხმევის ფონზე, ჩვენ მივაღწიეთ კონსენსუსს G20-ის ლიდერების სამიტის დეკლარაციაზე. ვაცხადებ ამ დეკლარაციის მიღებას". - თქვა მოდიმ.

სხვა სახელმწიფოების ლიდერების უმრავლესობას დეკლარაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

G20-ის სამიტი ნიუ-დელიში 9-10 სექტემბერს იმართება. სამიტის ფარგლებში ინდოეთის ქალაქში იმყოფებიან, ბრაზილიის პრეზიდენტი, ლულა და სილვა, კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა, საუდის არაბეთის პრინცი, მუჰამედ ბინ სალმანი, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.

შეხვედრას არ ესწრება ვლადიმირ პუტინიც. მის მაგივრად ინდოეთში საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვია ჩასული. მას შემდეგ, რაც ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გამოსცა, მას რუსეთის ტერიტორია არ დაუტოვებია.

სამიტს ნიუ-დელიში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგიც არ ესწრება. ქვეყანას პრემიერმინისტრი, ლი ციანგი წარმოადგენს.

კომენტარები