G20-ის სამიტი ინდოეთში

"G20-ს საამაყო არაფერი აქვს" – უკრაინა დელის დეკლარაციით იმედგაცრუებულია

CNN

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც G20-ის მიერ მიღებულ საერთო დეკლარაციაში შესწორებებია შეტანილი და დაწერა, რომ G20-ს საამაყო არაფერი აქვს. 

G20-ის ბალის დეკლარაციისგან განსხვავებით, სადაც გარკვევით ეწერა, რომ ქვეყნები "მკაცრად გმობენ რუსეთის ფედერაციის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ", დელის დეკლარაციაში გამოყენებულია სიტყვები არა "ომი უკრაინის წინააღმდეგ", არამედ "ომი უკრაინაში".

უკრაინისგან განსხვავებით, დასავლეთი დეკლარაციას მნიშვნელოვან მონაპოვრად მიიჩნევს. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განცხადებას "მნიშვნელოვანი ეტაპი" უწოდა "ნდობის გამოცხადებისთვის, რომ G20-ს შეუძლია გაერთიანდეს საკითხების მწვავე სპექტრის გადასაჭრელად". დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის თქმით, ერთობლივ დეკლარაციას აქვს "ძალიან ძლიერი ენა" უკრაინაში ომის შესახებ. 

9 სექტემბერს დიდი ოცეულის სამიტის მასპინძელი ქვეყნის, ინდოეთის პრემიერმა, ნარენდრა მოდიმ თქვა, რომ ქვეყნებმა საერთო, კონსენსუსზე დაფუძნებული დეკლარაცია მიიღეს. დოკუმენტში უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმობილი არ არის და ის ყველა სახელმწიფოს მოუწოდებს ტერიტორიების დასაკავებლად ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავონ.

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, დაიცვან საერთაშორისო სამართლის პრინციპები, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და მრავალმხრივი სისტემა, რომელიც იცავს მშვიდობასა და სტაბილურობას... მოვესალმებით ყველა მართებულ და კონსტრუქციულ ინიციატივას, რომელიც უკრაინაში ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას უჭერს მხარს... ატომური იარაღის გამოყენებაზე მუქარა მიუღებელია“. - ნათქვამია დეკლარაციაში.

კომენტარები