რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NATO-ს არ აქვს მტკიცებულება, რომ რუსეთი რუმინეთს განზრახ დაესხა თავს – სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგი
Yves Herman/Reuters

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, იმის ნიშანი, რომ რუსეთი რუმინეთს დრონით განზრახ დაესხა თავს, არ აქვთ.

"არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია, რაც რუსეთის განზრახ თავდასხმაზე მიუთითებდა და მიმდინარე გამოძიების შედეგს ველოდებით". - თქვა სტოლტენბერგმა ევროპარლამენტარებთან სიტყვით გამოსვლისას.

მანვე დასძინა, რომ NATO-ს წევრ რუმინეთში რუსული დრონის ნაწილების აღმოჩენა ნათლად აჩვენებს, რომ მსგავსი ინციდენტების რისკი დიდია.

4 სექტემბერს უკრაინა ამტკიცებდა, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული უპილოტო თვითმფრინავები მეზობელ უკრაინის ქალაქზე თავდასხმების სერიის დროს დაეშვა.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ თავდაპირველად აღნიშნული ინფორმაცია უარყო, თუმცა, 6 სექტემბერს რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანჯელ ტილვარმა CNN-თან ასოცირებულ ადგილობრივ მედია A3CNN-თან საუბრისას  დაადასტურა, რომ რუსული დრონის ნაწილები რუმინეთის ტერიტორიაზე იპოვეს.

ეს არ არის რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე პირველი მსგავსი ინციდენტი.

2022 წლის 16 ნოემბერს პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად რაკეტა ჩამოვარდა, შედეგად ორი პოლონელი დაიღუპა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაკეტა რუსებმა ისროლეს, თუმცა მოგვიანებით პოლონეთისა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ ჩამოვარდნილი დანადგარი სავარაუდოდ უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ გასროლილი რაკეტა იყო, რომელმაც მიმართულება დაკარგა და პოლონეთში ჩამოვარდა.

კომენტარები