საქართველოს პრეზიდენტი

პირველ სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პირველ სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ წერია ევროპული საბჭოს ვებგვერდზეც.

31 აგვისტოს კი, სალომე ზურაბიშვილი გერმანელ კოლეგას, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები სწორედ გერმანიის პრეზიდენტთან ვიზიტით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს უარი როგორც გერმანიაში, ისე უკრაინაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბულგარეთში, ჩეხეთსა და ისრაელში დაგეგმილ ვიზიტებზე უთხრა. 

"შევახსენებთ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, ვინაიდან კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები