ქართული ოცნება

სარჯველაძე ზურაბიშვილის ვიზიტზე: საჭიროებასა და დასაბუთებას შორის კითხვის ნიშნები იბადება

ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში დაგეგმილ ვიზიტებს გამოეხმაურა. სარჯველაძის თქმით, ამგვარი ქმედება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. სარჯველაძე ასევე ამბობს, რომ ამ ვიზიტთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს.

"პროცესების ამგვარად დაგეგმვა და განხორციელება კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის. ამავდროულად, გარკვეული კითხვის ნიშნები იბადება ამ ვიზიტების რეალურ საჭიროებასა და წარმოდგენილ დასაბუთებას შორის. ეს სინქრონული არ არის. რასაკვირველია, ასეთ ფონზე, შეიძლება, კითხვის ნიშნები არსებობდეს და ამ კითხვის ნიშნებს პასუხი თავად პრეზიდენტმა უნდა გასცეს [...] იმის თქმა, რომ ამ ვიზიტებით პრეზიდენტი ცდილობს, რომ რაღაც ფორმით შეეხიდოს, გააძლიეროს ის მიმართულება, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უფრო მეტი პირობა შეიქმნას - ამ მიმართულებით პოზიტიური წვლილის სახით, პრეზიდენტს ბევრი სხვა რაღაცის გაკეთებაც შეუძლია, მაგრამ, როდესაც ეს ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებს ეხება, ბუნებრივია, რომ ეს პირიქით, კითხვის ნიშნებს ბადებს". - თქვა სარჯველაძემ.

საქართველოს მთავრობა სალომე ზურაბიშვილის გერმანიაში დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა და განმარტა, რომ პრეზიდენტს უარი გერმანიის გარდა, უკრაინაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბულგარეთში, ჩეხეთსა და ისრაელში დაგეგმილ ვიზიტებზეც უთხრეს. საქართველოს მთავრობა შეახსენებს სალომე ზურაბიშვილს, რომ "ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება მთავრობის უფლებამოსილებაა".

"შევახსენებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, ვინაიდან კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა". - ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. პირველი ვიზიტი 31 აგვისტოს, ქალაქ ბერლინში გაიმართება - საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.

კომენტარები