ანა ბუჩუკური

მიშელის განცხადება ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახს ადასტურებს – ბუჩუკური

შარლ მიშელის ინიციატივას ევროკავშირის გაფართოებაზე Favebook-ის საშუალებით გამოეხმაურა პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური.

მისი თქმით, მიშელის სიტყვიდან ცხადი გახდა, რომ ქართული ოცნების უპასუხისმგებლობის გამო ქვეყანა ისტორიულ შესაძლებლობას ხელიდან უშვებს, რაზეც ხელისუფლების წარმომადგენლებს პერსონალური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

"ის, რომ ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას მხოლოდ უკრაინა-მოლდოვას ახსენებენ და საქართველო ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახს ადასტურებს.

ოცნების წარმომადგენლების მტკიცება, რომ უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ომში ყოფნის გამო მიიღო, არის მორიგი უსუსური მცდელობა, საკუთარი პასუხისმგებლობა თავიდან აირიდონ.

კანდიდატის სტატუსი მიიღო მოლდოვამაც და ახლა უკვე გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს იწყებს. ქვეყანამ, რომელიც არათუ ომში არ არის, არამედ რომელთან შედარებითაც საქართველო დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით წლების განმავლობაში იყო ბევრად მოწინავე პოზიციებზე". - წერს ბუჩუკური.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს სლოვენიაში გამართულ ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე ევროკავშირის გაფართოების აუცილებლობაზე ისაუბრა და მას "გაბედული ნაბიჯის" გადადგმისაკენ მოუწოდა. სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი და მასში გაწევრიანების მსურველები 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყვნენ.

დასავლეთ ბალკანეთის ექვსი სახელმწიფო - ალბანეთი, ბოსნია, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და სერბეთი ამჟამად ბლოკში გაწევრიანების პროცესის სხვადასხვა ეტაპზე არიან. გასულ წელს კანდიდატის სტატუსი მოლდოვასა და უკრაინას მიენიჭათ. ამ სახელმწიფოებთან ერთად მიშელმა ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველოს შესაძლებლობებზეც ისაუბრა.

კომენტარები