საქართველო-უკრაინა

პრეზიდენტი: უკრაინის ომი აჩვენებს, რომ დეოკუპაცია მშვიდობისა და სტაბილურობის წინაპირობაა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყირიმის პლატფორმას სიტყვით მიმართა. ზურაბიშვილის თქმით, უკრაინის ომმა ნათლად აჩვენა, რომ ტერიტორიის დეოკუპაცია მშვიდობისა და სტაბილურობის აბსოლუტური წინაპირობაა.

"ეს ომი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება მიუღწეველია თუ ეს ყველაფერი არ გავრცელდება ევროპის მთელ კონტინენტზე – ლისაბონიდან თბილისამდე. ის ასევე აჩვენებს, რომ ყველა ტერიტორიის დეოკუპაცია მშვიდობისა და სტაბილურობის აბსოლუტური წინაპირობაა, რომელიც რუსეთს უარს ათქმევინებს იმპერიულ ქცევაზე, რაც ერთადერთი სტაბილური საფუძველი იქნება ახალი და ჯანსაღი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის.

ვინაიდან უკრაინა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კონტინენტზე უხილავი მასშტაბის კონფლიქტის წინაშე დგას, ევროპა უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერისა და ერთიანობის დემონსტრირებას გააგრძელებს, რასაც 2022 წლის თებერვლიდან აკეთებს. ეს ერთიანობა და გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია უკრაინის გამარჯვებისთვის და არანაკლებ გადამწყვეტია საქართველოსა და მოლდოვას მომავალი უსაფრთხოებისთვის. ჩვენმა ხალხმა ზეწოლის, მუქარისა და მრავალმხრივი პროვოკაციების ახალი ტალღის ფონზე (რაც ჰიბრიდულ ომს უტოლდება) აჩვენა თავისი მკაფიო გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა და დარჩეს თავისი ერთადერთი პერსპექტივის ერთგული". – თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და კვლავ შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის საერთო გზაზე.

"ჩემი რწმენაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და კვლავ შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის საერთო გზაზე. რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება დაიჯეროს, რომ სხვაგან, სხვა მიღწევებით შეუძლია უკრაინაში დანაკარგების დაბალანსება. 

ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი რწმენა, რომ თქვენი ხალხის გამძლეობით უკრაინამ უკვე მიაღწია დიდ გამარჯვებას და სრულად გამარჯვებული გამოვა ამ ბარბაროსული ომიდან, დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს და გახდება ხვალინდელი უსაფრთხო და აყვავებული ევროპის საყრდენი. საქართველო იქნება თქვენთან ისე, როგორც ახლა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ უკრაინას". – თქვა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა შვი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა.

"ის, რაც დღევანდელ ევროპაში კანონით აკრძალული უნდა ყოფილიყო, ტრაგიკულად ჩნდება და ამ ბარბაროსული ანაქრონიზმის წინააღმდეგ უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის, არამედ მთელი ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის.

ამ ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა რეგიონის გლობალური მნიშვნელობა – გააძლიერა არგუმენტი, რომ შავი ზღვა ნამდვილად ევროპული სტაბილურობისა და უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია – ზღვა, რომელიც არ შეიძლება დაექვემდებაროს იმ ძალას, რომელიც მზადაა საკუთარი მილიტარისტული ამბიციების გამო საზღვაო უსაფრთხოება, თავისუფალი ტრანზიტი და სურსათის გლობალური მიწოდება შეაფერხოს". – თქვა პრეზიდენტმა.

კომენტარები