რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიანსკისა და მოსკოვის ოლქებში დრონების თავდასხმა მოვიგერიეთ – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

აფეთქება სტროგინოში, 2023 წლის 22 აგვისტო.
Mash

მოსკოვის თავდაცვის სამინისტრო უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშის მიტანის მორიგ მცდელობაზე ინფორმაციას ავრცელებს. მათი მტკიცებით, უკრაინელებმა თავდასხმა სცადეს 4 დრონით, რომლებიც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებითა და რადიოელექტრონული ბრძოლის მეთოდებით უვნებელყვეს.

ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საკუთარ ტელეგრამ-არხზე გაავრცელა. აქამდე მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ მოსკოვის ოლქში, უპილოტო საფრენი აპარატები ჰსთ-მ ჩასცოვისა და კარსნოგორსკის რაიონებში ჩამოაგდო. მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ვორობიოვმა კი დააზუსტა, რომ დრონის ჩამოვარდნის შედეგად კრასნოგორსკში მცირე დაზიანება მიადგა მრავალსართულიან სახლსა და მანქანებს.

უპილოტო საფრენი აპარატები ბრიანსკისა და მოსკოვის ოლქებში ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ირწმუნებიან, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მუშაობა დროებით კვლავ შეწყვიტა მოსკოვის დომოდედოვოსა და ვნუკოვოს აეროპორტებმა.

რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნის მომენტები ჩანს. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს თუ როგორ ფეთქდება ჩამოვარდნილი დრონი.

ბოლო პერიოდში მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიშების მცდელობები გახშირდა. ეს ამ კვირაში უკვე მეორე მსგავსი შემთხვევა იყო.

კომენტარები