ხანძარი კანადაში

ხანძრის საშიშროების გამო კანადის ქალაქ იელოუნაიფიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

Pat Kane/Reuters

ხანძრის საშიშროების გამო კანადის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ იელოუნაიფში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

16 აგვისტოს ჩრდილო-დასავლეთის ტერიტორიების გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მინისტრმა, შეინ ტომპსონმა მიუთითა, რომ ხანძარი ქალაქიდან მხოლოდ 17 კილომეტრის მანძილზეა და შესაძლოა, 4-5 დღეში უკვე ქალაქის გარეუბნამდე მიაღწიოს. 

ქალაქის 20 000 მაცხოვრებელს ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვებისაკენ სახელმწიფო უწყებებმა მოუწოდეს. საევაკუაციო გუნდები მათ მობილიზებასა და ქალაქიდან უსაფრთხო გასვლას უზრუნველყოფენ. 

ქალაქის მერის, რებეკა ელტის თქმით, საევაკუაციო ფრენები 17 აგვისტოს დაიწყება და ყველა მოქალაქის ევაკუაციის დასრულებამდე გაგრძელდება. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგანგებო სიტუაცია უშუალო საფრთხემდე გარკვეული დროით ადრე გამოცხადდა, რათა ორგანიზებული ევაკუაციისთვის ყველას საკმარისი დრო მიეცეს.

"ჩვენ კრიზისულ სიტუაციაში აღმოვჩნდით და ჩვენი მთავრობა დახმარებისთვის ყველა ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს გამოიყენებს". - თქვა შეინ ტომპსონმა.

13 აგვისტოდან საევაკუაციო გუნდები ახლომდებარე ჰეი რივერის მოსახლეობის საშველადაც მუშაობენ. მუნდის ოჯახი, რომელიც ერთ-ერთი უკანასკნელია, რომელმაც შეძლო ქალაქი თავისი მანქანით დაეტოვებინა, CBC-თან საუბრისას იხსენებს, რომ ჰაი რივერიდან გამოსასვლელ გზატკეცილზე ხანძარის სიახლოვის გამო ხილვადობა დაბალი იყო, ხოლო ჰაერის სიმხურვალის გამო მანქანამ დნობაც კი დაიწყო.

ლისა მუნდის მიერ გამოქვეყნებული ფოტო

 

კომენტარები