პაკისტანი

ყურანის შეურაცხყოფის ბრალდების გამო პაკისტანში ქრისტიანულ ეკლესიებს წვავენ

   
პენჯაბის პოლიციის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ გაეკონტროლებინა ბრბო ჯარანვალაში [Al Jazeera/Handout via Minorities Alliance Pakistan]

ყურანის შეურაცხყოფის ბრალდებით, ხელკეტებითა და ჯოხებით შეიარაღებული ასობით ადამიანი პენჯაბის პროვინციის ქალაქ ჯარანვალაში სულ მცირე ორ ეკლესიას თავს დაესხა, ისინი ორ ქრისტიან მოქალაქეს ღვთის გმობაში ადანაშაულებენ.

როგორც მოქალაქეები ამბობენ, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქრისტიანული კოლონიის მახლობლად მუსლიმების წმინდა წიგნის, ყურანის დახეული ფურცლები აღმოაჩინეს, რომლებზეც სავარაუდოდ მკრეხელური შინაარსის ტექსტი იყო დატანილი.

შეიარაღებული მოქალაქეების მეორე ნაწილმა იერიში კერძო სახლებზე მიიტანა და ფანჯრებს ქვები დაუშინა.

"რადგან ყველაფერი დაძაბული ჩანდა, ოჯახებმა დაიწყეს ჯარანვალას დატოვება, რათა წასულიყვნენ ნათესავებთან ახლომდებარე სოფელში, ან ქალაქ ფეისალაბადში, რომელიც დაახლოებით 40 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს" - ამბობს ჯარანვალას მკვიდრი ალ ჯაზირასთან ინტერვიუში.

მუჰამედ ნავედის, პენჯაბის პროვინციის პოლიციის ინსპექტორის თქმით, ისინი იღებენ ყველა სამართლებრივ ზომას, რაც საჭიროა ამ სიტუაციაში.

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი რამ პაკისტანში პირველი შემთხვევა არ არის. ამავე თვის დასაწყისში ტურბატში მასწავლებელი მოკლეს, მას შემდეგ, რაც ის ლექციის მსვლელობისას ღვთის გმობაში დაადანაშაულეს. მიმდინარე წლის თებერვალში, გაბრაზებულმა ბრბომ ეჭვმიტანილი ციხის საკნიდან გაიტაცა და ლინჩის წესით გაასამართლა.

უფლებადამცველი ჯგუფები ამბობენ, რომ პაკისტანის ღვთის გმობის წინააღმდეგ არსებული კანონები ხშირად პირადი შურისძიებისა და დაპირისპირებების მიზნით გამოიყენება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრისა და უმცირესობათა უფლებების დამცველთა ინფორმაციით, პაკისტანში 1987 წლიდან მკრეხელობაში დაადანაშაულეს 2000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო სულ მცირე 88 ადამიანი ამავე ბრალდებით მოკლეს.

კომენტარები