აშშ-იაპონია-სამხრეთ კორეა

იაპონიასა და აშშ-სთან სამიტი საკვანძო მნიშვნელობის იქნება – იუნ სუკ იოლი

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, იუნ სუკ იოლი იაპონური ოკუპაციის დასრულების 78-ე წლისთავზე სიტყვით გამოსვლისას. 2023 წლის 15 აგვისტო
Lee Jin-man/Pool via REUTERS

იაპონიის მიერ კორეის 1910-1945 წლების ოკუპაციის დასრულების 78-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და იაპონიის ლიდერებთან ერთად 18 აგვისტოს დაგეგმილი სამიტი ქვეყნების სამმხრივ ურთიერთობაში საკვანძო მნიშვნელობის მოვლენა იქნება.

იუნ სუკ იოლმა ხაზი გაუსვა ტოკიოსა და ვაშინგტონთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობას, რაც უნდა მოიცავდეს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღისა და რაკეტების შესახებ სადაზვერვო მონაცემების რეალურ დროში გაზიარებას.

იუნი ჯო ბაიდენსა და იაპონიის პრემიერმინისტრს, ფუმიო კიშიდას მერილენდში მდებარე კემპ დევიდის საპრეზიდენტო რეზიდენციაში შეუერთდება, სადაც, ამერიკელი მაღალჩინოსნების ცნობით, ლიდერები ტექნოლოგიების, განათლებისა და თავდაცვის სფეროებში საერთო ინიციატივებს განიხილავენ.

იაპონიასა და სამხრეთ კორეას შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, რომელიც იაპონიის მიერ კორეის 1910-1945 წლების ოკუპაციის შემდეგ გრძელდება, შეხვედრა დიდი მნიშვნელობის მატარებელია. 1965 წელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ხელშეკრულებასაც მოეწერა ხელი, თუმცა რეალური შედეგი არ დამდგარა.

2022 წელს ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად იუნ სუკ იოლი ტოკიოსთან საერთო ენის გამონახვას ცდილობს. ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთიდან მომავალი საფრთხის ფონზე ორ აზიურ დემოკრატიას შორის სტაბილური ურთიერთობის დამყარების მცდელობაში აშშ-ც აქტიურადაა ჩართული.

კომენტარები