დონალტ ტრამპი

ტრამპს ჯორჯიის შტატში 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის ბრალი წარუდგინეს

ჯორჯიის შტატის ფულტონის ოლქის პროკურორმა დონალდ ტრამპს და მის 18 მოკავშირეს  2020 წელს ჯორჯიის შტატში არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის სისხლის სამართლის ბრალდება წარუდგინეს. ბრალდებულებს შორისაა ტრამპის თეთრი სახლის ყოფილი შტაბის უფროსი, მარკ მიდოუსი და ყოფილი ადვოკატები რუდი ჯულიანი და ჯონ ისტმანი.

ფულტონის ოლქის პროკურორმა, ფანი უილისმა ტრამპისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევის ბრალდებებზე გამოძიება 2021 წლის თებერვალში დაიწყო. 14 აგვისტოს საბრალდებო დასკვნის მიღების შემდეგ, მან გამოაცხადა, რომ ბრალდებულებს აძლევდა შესაძლებლობას ნებაყოფლობით ჩაბარებულიყვნენ არაუგვიანეს 25 აგვისტოს შუადღისა. მისი თქმით, ის 19 ბრალდებულის ერთად გასამართლებას გეგმავს.

საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ბრალდებულები "შეგნებულად და განზრახ შეუერთდნენ შეთქმულებას, რათა უკანონოდ შეეცვალათ არჩევნების შედეგი ტრამპის სასარგებლოდ", რომელიც ოფიციალურად ჯო ბაიდენმა მოიგო. 

ყოფილ პრეზიდენტს 1-ელ აგვისტოს გამოქვეყნებულ საბრალდებო დასკვნაში, სპეციალურმა პროკურორმა ჯეკ სმიტმა ბრალი 4 მუხლით წარუდგინა, მათ შორის, შეთქმულება აშშ-ს მოტყუებისთვის და შეთქმულება ოფიციალური პროცესის დაბრკოლებისთვის. ოფიციალურ ბრალდებებს შორის ფულტონის ოლქში თაღლითობის საქმე არ შედიოდა, თუმცა არსებობდა ეჭვი და მიმდინარეობდა გამოძიება.

სმიტის მიერ წარდგენილ ბრალდებებში ტრამპმა თავი უდანაშაულოდ ცნო, ხოლო სასამართლო პროცესი 2 იანვარს ჩაინიშნა. იმ შემთხვევაში, თუ ტრამპს საქმის განხილვამდე პრეზიდენტად აირჩევენ, მას ბრალდებებისაგან განთავისუფლების საშუალება ექნება. სმიტის მიერ წარდგენილი ფედერალური ბრალდებებისგან განსხვავებით, ფულტონის საქმე შტატის სასამართლოში განიხილება. ეს ნიშნავს, რომ ტრამპი პრეზიდენტობის შემთხვევაშიც კი ვერ ჩაერევა საქმეში, შესაბამისად, ვერც საკუთარი თავის შეწყალებას შეძლებს.

კომენტარები