არჩევნები პოლონეთში

პოლონეთში არჩევნების დღეს მიგრანტების პოლიტიკის შესახებ რეფერენდუმს ჩაატარებენ

Michal Dyjuk/AP/picture alliance

პოლონეთის მმართველი პარტია მიგრანტების პოლიტიკის შესახებ რეფერენდუმს არჩევნების დღეს, 15 ოქტომბერს ჩაატარებს. ანდჟეი დუდას კანონისა და სამართლის პარტია ცდილობს ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტების მიღების საკითხი საარჩევნო კამპანიის მთავარ განსახილველ თემად აქციოს. 

რეფერენდუმზე პოლონელი ამომრჩევლები პასუხს გასცემენ, ეთანხმებიან თუ არა ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ათასობით არალეგალი მიგრანტის მიღებას ევროკავშირის რელოკაციის სქემის მიხედვით. 

2023 წლის ივნისში ევროკავშირმა მიაღწია შეთანხმებას თავშესაფრის მაძიებელთა რელოკაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ყველა ევროპულმა სახელმწიფომ ან უნდა მიიღოს განსაზღვრული რაოდენობის მიგრანტები ან ჩარიცხოს შესაბამისი თანხა ევროკავშირის ფონდში. აღნიშნული იდეის მოწინააღმდეგეები პოლონეთი და უნგრეთი არიან. 

პოლონეთის მმართველი პარტია მიგრანტთა პოლიტიკის საკითხის ხაზგასმით ცდილობს ოპოზიციური პარტიის - სამოქალაქო პლატფორმის პოზიციების დასუსტებას. სამოქალაქო პლატფორმის ლიდერი პოლონეთის ყოფილი პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკია, რომელიც 2014 წლიდან ევროპის საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. კანონისა და სამართლის პარტია ცდილობს საარჩევნო კამპანიისას ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკა დააკავშიროს დონალდ ტუსკთან და ამით გამოიყენოს ანტი-იმიგრაციის სენტიმენტი სამოქალაქო პლატფორმის წინააღმდეგ. 

2015 წლის არჩევნებში კანონისა და სამართლის პარტიამ ანტი-იმიგრაციის სენტიმენტები გამოიყენა პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობის მოსაპოვებლად. 2015 წელს ევროპაში რეკორდული რაოდენობის მიგრანტი შევიდა სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან პოლონეთმა ერთ მილიონზე მეტი უკრაინელი იძულებით გადაადგილებული პირი მიიღო, პოლონეთში დიდი პროტესტი გამოიწვია ახლო აღმოსავლეთიდან მიგრირებული ადამიანების მიღებამ ევროკავშირის ტერიტორიაზე. 

ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ასევე დაგეგმილია რეფერენდუმები სახელწმიფო ქონების გაყიდვის კანონისა და საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ. დონალდ ტუსკი საპენსიო ასაკის გაზრდას ეთანხმებოდა, თუმცა 2021 წელს მან საკუთარი პოზიცია შეცდომად შეაფასა. 

კომენტარები