არგენტინა

არგენტინის პრაიმერში მემარჯვენე ხავიერ მილეი პირველ ადგილზე გავიდა

ხავიერ მილეი
Natacha Pisarenko/Associated Press

მემარჯვენე კანდიდატმა ხავიერ მილეიმ არგენტინის პრაიმერში ყველაზე მეტი ხმა - 30% მიიღო, რაც მას საპრეზიდენტო არჩევნების მთავარ კანდიდატად აქცევს.

52 წლის კონგრესმენი და ეკონომისტი არგენტინის ეკონომიკის გაუმჯობესების მიზნით სისტემის რადიკალური ცვლილების მომხრეა. მან არაერთხელ გააჟღერა იდეები აშშ დოლარის არგენტინის ოფიციალურ ვალუტად მიღებასა და ქვეყნის ცენტრალური ბანკის გაუქმების შესახებ. ასევე, მან ხელისუფლებას გადასახადებისა და სახელმწიფო ხარჯების მკვეთრი შემცირება, სახელმწიფო საწარმოების დახურვა ან მათი პრივატიზება და ჯანდაცვის, განათლებისა და გარემოს დაცვის სამინისტროების გაუქმება შესთავაზა.

წინასაარჩევნო გამოკითხვებზე დაყრდნობით, ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ მილეი არჩევნებში ხმების დაახლოებით 20%-ს მოიპოვებდა და მისი რადიკალური პოლიტიკური იდეები მას ამომრჩევლის მოზიდვაში ხელს შეუშლიდა. თუმცა პრაიმერმა ცხადყო, რომ მილეის აქვს შანსი, გახდეს არგენტინის პრეზიდენტი.

პრაიმერში მეორე ადგილი მემარცხენე სერხიო მასამ ხმების 21%-ით დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე 17%-ით უშიშროების ყოფილი მინისტრი, კონსერვატორი პატრიცია ბულრიხი გავიდა.

არგენტინის საყოველთაო არჩევნების პირველი ტური 22 ოქტომბერს, ხოლო მეორე - 19 ნოემბერს არის ჩანიშნული. პრაიმერის შედეგებმა აჩვენა, რომ არგენტინის სამ მთავარ კოალიციას დაახლოებით ერთი რაოდენობის მხარდამჭერი ჰყავს, რაც ამცირებს იმის შანსს, რომ რომელიმე პრეზიდენტობის კანდიდატმა 22 ოქტომბერს 50%-იანი ზღვრის გადალახვა შეძლოს, რაც პირველ ტურში პირდაპირი გამარჯვებისთვის აუცილებელი პირობაა.

კომენტარები