უკრაინა-ისრაელი

უკრაინა ისრაელთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას გეგმავს და რამშტაინიდან მის გარიცხვას ითხოვს

JACK GUEZ / AFP

უკრაინა ისრაელთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს და მოითხოვს, რომ ქვეყანა რამშტაინის შეხვედრებიდან "უკრაინის მიმართ არამეგობრული ქმედებებისა და საერთაშორისო ასპარეზზე პრორუსული პოზიციის გამო" გაირიცხოს.

"ისრაელის ხელისუფლებას არასოდეს გაუწევია რეალური დახმარება. სანაცვლოდ, შეხვედრების დროს მიღებულ ინფორმაციას ისრაელი საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს". - თქვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს (RNBO) წყარომ Kyiv Post-სთან ინტერვიუში. 

რამშტაინის შეხვედრებში - ასევე ცნობილი როგორც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი - 54 ქვეყნის ალიანსი მონაწილეობს, მათ შორის NATO-ს 30 წევრი და 24 დამატებითი ქვეყანა.

რამშტაინის შეხვედრების ამოცანა უკრაინაში სამხედრო დახმარების მუდმივი შემოწირულობის კოორდინაციაა. 

RNBO-ს წყაროს თქმით, როგორც უკრაინა თვლის, არსებობს "რეალური საფრთხე", რომ ისრაელთან რამშტაინის შეხვედრებზე განხილული ინფორმაცია "აგრესორი სახელმწიფოსთვის გახდება ცნობილი". 

ისრაელთან უვიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური დაპირისპირების ფონზე გადაწყდება.

უკრაინის ელჩი ისრაელში, ევჰენ კორნიიჩუკი ამტკიცებს, რომ უკრაინელი ტურისტების დაახლოებით 10% ახსნა-განმარტების გარეშე დეპორტირებულია ისრაელიდან. მანვე გააკრიტიკა უკრაინელი ლტოლვილებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის შეღავათების შეწყვეტა.

RNBO-ს წყაროს ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უვიზო რეჟიმის შესახებ მინისტრთა კაბინეტისთვის წარდგენას ამზადებს, რომელიც "უახლოეს კვირებში" განიხილება, თუმცა, ამ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი Kyiv Post-თან არ ადასტურებს. 

კომენტარები