უკრაინა-ისრაელი

გაეროში ისრაელმა პროუკრაინულ რეზოლუციაზე მხარდაჭერისგან თავი შეიკავა

მას შემდეგ, რაც კიევმა, რამდენიმე დღის წინ, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ხმა მისცა პალესტინელებთან დაკავშირებულ ისრაელის საწინააღმდეგო რეზოლუციას, 14 ნოემბერს იერუსალიმმა, გაეროს ამავე ორგანოში, თავი შეიკავა იმ მექანიზმის მხარდაჭერისგან, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის რეპარაციების გადახდის დაკისრებას ითხოვდა.

გაეროში ისრაელის მისიას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ ისრაელის მედია, Ynet-ი ციტირებდა მაღალჩინოსანს, რომლის თქმითაც თავშეკავება უკრაინის ქმედების საპასუხოდ არ მომხდარა. მისი თქმით, საქმე ისაა, რომ ისრაელს ეშინია ისეთი პრეცედენტის შექმნის, რომელიც მომავალში, შესაძლოა, პალესტინელ დევნილებს მოარგონ. თუმცა, ამას გარდა, იგივე მედია ციტირებდა ისრაელის დიპლომატს, რომელმაც იერუსალიმის გადაწყვეტილებას "ბავშვური" უწოდა.

გამოცემა Ynet-ის მტკიცებით, 14 ნოემბრის რეზოლუციაზე მხარდაჭერისგან თავის შეკავება უკრაინის მიერ ისრაელის საწინააღმდეგო რეზოლუციის მხარდაჭერამდე იყო გადაწყვეტილი. თუმცა გამოცემა ამ ინფორმაციის წყაროს არ ასახელებს.

როგორც გამოცემა The Times of Israel-ი აღნიშნავს, 14 ნოემბრის გადაწყვეტილება წარმოადგენს გაეროში იერუსალიმის მიერ პროუკრაინული ზომების მხარდაჭერის პრაქტიკას.

უკრაინისთვის რუსეთის მიერ რეპარაციების გადახდის რეზოლუციას მხარი დაუჭირა 94-მა ქვეყანამ, წინააღმდეგი იყო 14 სახელმწიფო, 73-მა კი თავი შეიკავა.

11 ნოემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარადგინეს რეზოლუცია სათაურად ისრაელის პრაქტიკა და განაშენიანების აქტივობები გავლენას ახდენს პალესტინელი ხალხისა და სხვა არაბების უფლებებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე

რეზოლუცია მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს სთხოვდა, სასწრაფოდ გამოეთქვათ საკონსულტაციო აზრი "ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიის გახანგრძლივებული ოკუპაციის, განაშენიანებისა და ანექსიის შესახებ".

რეზოლუციას მხარი 98-მა სახელმწიფომ, მათ შორის უკრაინამ დაუჭირა.

უკრაინის საგარეო უწყების გადაწყვეტილება გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება "ალოგიკური და მიუღებელი" იყო და უკრაინა მსგავს რეზოლუციებზე, მინიმუმ, ხმის მიცემისგან თავს უნდა იკავებდეს.

" [გადაწყვეტილებით] ვხვდებით რუსეთთან და ირანთან ერთად, ვინც თავს გვესხმიან და ვდისტანციდებით ისრაელისგან, ვინც გვსურს რომ მოკავშირე იყოს". – თქვა არესტოვიჩმა. 

კომენტარები