საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველოში ყველა ონკოლოგიურ პაციენტს მკურნალობა დაუფინანსდება

მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა ონკოლოგიურ პაციენტს ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები დაუფინანსდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"ონკოლოგიური პაციენტებისთვის სრულფასოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება. მათ შორის, ის პაციენტებიც არიან, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. ცვლილებამდე, მათ აღნიშნულ მომსახურებები არ უფინანსდებოდათ. სიახლე დაზღვეულ ვეტერანებსაც შეეხებათ". - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება.

საქართველოს მთავრობამ ცვლილება უკვე დაამტკიცა. 

კომენტარები