აშშ-რუსეთი-ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის იარაღის მწარმოებელი ქარხნები დაათვალიერა

KCNA / AFP - Getty Images

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, ქვეყნის იარაღის მწარმოებელი ქარხნები დაათვალიერა.

სახელმწიფო მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინმა საარტილერიო სისტემების მწარმოებელი და ატომური ბალისტიკური რაკეტების მწარმოებელი ქარხნების 3-დღიანი შემოწმების განმავლობაში გაკეთებულ ერთ-ერთ განცხადებაში, პირობა დადო, რომ დააჩქარებს და სრულყოფს სამხედრო შეიარაღებას ქვეყნის საომარი მზადყოფნის მიზნით.

სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტროს სპიკერმა, კუ ბიონგსამმა, განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინის ინსცენირებული ვიზიტების მიზანი, შესაძლოა, აშშ-სამხრეთ კორეის წვრთნების საპასუხოდ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალის გამიზნული დემონსტრირება იყოს და ასევე წარმოადგენდეს იარაღის ექსპორტის განზრახვის გამომხატველ საერთაშორისო გზავნილს.

"მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ ჩრდილოეთ კორეა აგრძელებს ბირთვული იარაღის და ICBM-ების (კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების) და სხვა სახის იარაღის შექმნას თავისი მოქალაქეების კეთილდღეობის ხარჯზე". - განაცხადა კუ ბიონგსამმა ბრიფინგზე.

ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ კიმის ქმედებები მოსკოვთან შესაძლო სამხედრო თანამშრომლობასთან არის დაკავშირებული. რამდენადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აქტიურად ეძებს უკრაინის ომში მის მხარდამჭერებს თუ მომმარაგებლებს, შესაძლოა, საერთო ინტერესს წარმოადგენდეს ჩრდილოეთ კორეის საარტილერიო და სხვა საბრძოლო მასალის რუსეთისათვის მიწოდება.

ჩრდილოეთ კორეა უკრაინის ომის საკითხში რუსეთს უჭერს მხარს და ამტკიცებს, რომ აშშ-ს მიერ მართულმა დასავლეთის "ჰეგემონიურმა პოლიტიკამ" აიძულა მოსკოვი მიეღო სამხედრო ჩარევის გადაწყვეტილება თავისი უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად. თუმცა, უარყოფს აშშ-ს ბრალდებებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში დასახმარებლად ჩრდილოეთ კორეა რუსეთს იარაღს აწვდის.

კომენტარები