დონალდ ტრამპი

ტრამპი: კუდიანებზე მემარცხენეების ნადირობის გამო 561-წლიანი პატიმრობა მემუქრება

აშშ-ს ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, 561 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება მას შემდეგ, რაც იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი 2020 წლის არჩევნების გაუქმების მცდელობებთან დაკავშირებით წარუდგინა. ამის შესახებ ტრამპმა კამპანიის სპონსორებთან მიწერილ წერილში ისაუბრა.

"მას შემდეგ, რაც თაღლითი ჯოს [ბაიდენის] კორუმპირებულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ უკანონოდ დაადანაშაულა თქვენი მონა მორჩილი, ცნობები მიუთითებს იმას, რომ მე ახლა კუდიანებზე მემარცხენეების ნადირობის გამო 561-წლიანი პატიმრობა მემუქრება". - აღნიშნა ტრამპმა ელექტრონულ წერილში.

როგორც The Hill წერს, ტრამპის გამოთვლები უფრო მეტად თეორიული ხასიათისაა. ბრალდებულებს იშვიათად ემუქრებათ მაქსიმალური თავისუფლების აღკვეთა ყველა დანაშაულისთვის, რისთვისაც ისინი მსჯავრდადებულები არიან, ხოლო სხვადასხვა დანაშაულისთვის ვადები შეიძლება ზედიზედ მოიხადონ, რაც ბრალდებულის ციხეში გატარების ჯამურ დროს ამცირებს.

ამასთან, ამერიკის ხმა აღნიშნავს, რომ ვაშინგტონში აღძრული საქმე ტრამპს რეალური დასჯის უდიდეს საფრთხეს უქმნის, მათ შორის ნაფიც მსაჯულთა და მოსამართლის პოტენციური პოზიციის გამო. აშშ-ს დედაქალაქის მაცხოვრებლები აბსოლუტურ მხარდაჭერას უცხადებენ დემოკრატებს და აქვთ ნეგატიური დამოკიდებულება ტრამპის მიმართ, ხოლო მოსამართლე ტანია ჩუტკანის გადაწყვეტილებებიდან სხვა საქმეებში, რომლებიც დაკავშირებულია კაპიტოლიუმის შტურმთან და მისი კომენტარებიდან ტრამპის საქმეზე პროცედურული გადაწყვეტილებების შესახებ, გამომდინარეობს, რომ იგი 6 იანვრის მოვლენებს უკიდურესად მძიმე დანაშაულად მიიჩნევს.

ტრამპს 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით, სპეციალური პროკურორის ჯეკ სმიტის გამოძიების ფარგლებში ბრალი ოთხი მუხლით წარედგინა.  

გარდა ამისა, ტრამპი იურიდიული სახის სხვა პრობლემების წინაშეც დგას - მათ შორის, 40-პუნქტიანი ფედერალური ბრალდება, რომელიც ეხება ტრამპის მიერ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში არსებული სათვალთვალო კადრების წაშლის მცდელობას, ასევე პოტენციურ ბრალდებებს, რომელიც შპიონაჟსაც გულისხმობს. ტრამპის წინააღმდეგ სამართლებრივი პრობლემების ნაწილია მანჰეტენის ოლქის პროკურორის 34-პუნქტიანი ბრალდება, რომელიც ტრამპის ყოფილი ადვოკატის, მაიკლ კოენის მიერ პორნოვარსკვლავ, სტორმი დენიელსასდმი 2016 წლის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე სოლიდური თანხის გადაცემას უკავშირდება. 

გარდა ამისა, ტრამპს ასევე ემუქრება სხვა შესაძლო ბრალდებები, მათ შორის, ფულტონის ოლქში არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებული ბრალდება. 

აღსანიშნავია, რომ ფედერალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ტრამპის პოლიტიკურმა კომიტეტებმა გასულ წელს კამპანიის ფული იურიდიულ მოსაკრებლებზე დახარჯეს, მათ შორის, 2023 წლის პირველ ნახევარში მოპოვებული $53 მილიონის თითქმის ნახევარი. 

კომენტარები