რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პენტაგონის პროგნოზით, უკრაინის კონტრშეტევა რთული და ხანგრძლივი იქნება

პენტაგონის პრესსპიკერი, საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალი პატ რაიდერი
defense.gov / Navy Petty Officer 2nd Class Alexander Kubitza

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის პროგნოზით, უკრაინის კონტრშეტევა რთული და ხანგრძლივი ბრძოლა იქნება. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა და ბრიგადის გენერალმა, პატ რაიდერმა 1-ელ აგვისტოს ბრიფინგზე ისაუბრა.

რაიდერის თქმით, აშშ ხედავს, რომ უკრაინა კონტრშეტევაში წინ მიიწევს. ამასთან, გენერალმა ხაზი გაუსვა აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის აღნიშვნას, რომ "ეს იქნება მარათონი და არა სპრინტი" და ვაშინგტონი  უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს მანამ, სანამ ეს დასჭირდება.

"კიდევ ერთხელ, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ მათთან კომუნიკაციაზე, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კომუნიკაციაზე, რათა შევძლოთ ბრძოლის ველზე მათ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება." - თქვა რაიდერმა.

მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა. ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინამ ოკუპანტების მიერ მიტაცებული ტერიტორიის ნახევარი დაიბრუნა. 

"მათ უკვე იმის 50% დაიბრუნეს, რაც თავდაპირველად დაკარგეს". – თქვა ბლინკენმა.

ბლინკენმა ასევე ისაუბრა უკრაინის კონტრშეტევაზე და აღნიშნა, რომ ის რამდენიმე თვე შეიძლება გაგრძელდეს.

"ეს კონტრშეტევის ჯერ კიდევ საწყისი ეტაპია. ძალიან რთულია. ეს მომდევნო ერთი-ორი კვირის განმავლობაში არ მოგვარდება. ვფიქრობ, რამდენიმე თვე დასჭირდება". – ამბობს ბლინკენი.

"რუსულმა აგრესიამ ამოწურა თავი ბრძოლის ველზე. დღეს არის ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" 522-ე დღე, რომელზეც რუსეთის ხელმძღვანელობას ეგონა, რომ ერთი-ორი კვირა გაგრძელდებოდა.

უკრაინა ძლიერდება. თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას, მის სიმბოლურ ცენტრებსა და სამხედრო ბაზებს. და ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია." - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები