რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას უარყოფს

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთის საჰაერო სივრცეში Ми-24-სა და Ми-8-ის ტიპის ვერტმფრენებით შეჭრას უარყოფს

"დილით, პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ მოსახლეობა დაარწმუნა, რომ ვერ დააფიქსირეს სასაზღვრო დარღვევა, ხოლო საღამოს (როგორც ჩანს, საერთაშორისო ბატონებთან კონსულტაციის შემდეგ) მათ განაცხადეს, რომ საზღვარი გადაიკვეთა ძალიან დაბალ სიმაღლეზე, რამაც ხელი შეუშალა სარადარო სისტემების დაფიქსირებას.

პოლონური მხარის განცხადებებს, რომლებიც არ არის დადასტურებული ობიექტური კონტროლის მონაცემებით, ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო განიხილავს, როგორც “ბებოს ნაამბობს". - წერია განცხადებაში.

რამდენიმე საათით ადრე, პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე ორმა ბელარუსულმა ვეტრმფრენმა დაარღვია

"სასაზღვრო გადაკვეთა მოხდა ქალაქ ბელოვეჟასთან ძალიან დაბალ სიმაღლეზე, რამაც გაართულა რადარის სისტემებით მისი აღმოჩენა. შესაბამისად, დღეს დილით პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე არ დარღვეულა". - განმარტავენ დეპარტამენტში.

მომხდარის საპასუხოდ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა საზღვარზე სამხედროების რაოდენობის გაზრდის, დამატებითი ძალებისა და საბრძოლო თვითმფრინავების განლაგების ბრძანება გასცა.

ასევე, ოფიციალური ინფორმაციით, პოლონეთმა მომხდარის შესახებ NATO-საც შეატყობინა და ქვეყანაში ბელარუსის დროებით რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახა.



29 ივლისს პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ ვაგნერის მებრძოლების 100-კაციანი ჯგუფი ბელარუსის ქალაქ გროდნოში გადავიდა, რომელიც პოლონეთის საზღვართან მდებარეობს. მორავიეცკიმ ვითარება "მზარდად სახიფათოდ" შეაფასა. 

ლუკაშენკომ თავდაპირველად ცნობები უარყო, თუმცა, მოგვიანებით აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბრესტსა და გროდნოში ვაგნერელები გადავიდნენ, მხოლოდ იმისთვის, რომ ბელარუსული ბრიგადებისთვის თავიანთი სამხედრო გამოცდილება გადაეცათ.

მანამდე პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთს, ლიტვას და ლატვიას შეუძლიათ ერთობლივად გადაწყვიტონ ბელარუსთან საზღვრების დაკეტვა, თუ ვაგნერის საზღვართან განლაგებულ მებრძოლებთან სერიოზული ინციდენტები მოხდება.

ასევე, ბელარუსის ავტოკრატი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობდა, რომ მას კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დაქირევებული მებრძოლები "მოსვენებას არ აძლევენ", რადგან პოლონეთზე თავდასხმა სურთ. ამის შესახებ ლუკაშენკომ სანქტ-პეტერბურგში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრი დროს ისაუბრა.

ექსკურსია ვარშავასა და ჟეშუვში – ლუკაშენკოს თქმით, ვაგნერელებს პოლონეთზე თავდასხმა უნდათ

გასულ კვირებში ბელარუსის შეიარაღებული ძალები წვრთნებს ვაგნერელებთან ერთად გადიოდნენ. ერთ-ერთი ვარჯიში პოლონეთის საზღვრის მახლობლად მყოფ ბრესტის პოლიგონზეც კი ჩატარდა.

კსკ ვაგნერის ჯგუფი ბელარუსში მას შემდეგ გადავიდა, რაც კომპანიის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა საკუთარი აჯანყება დაასრულა და ლუკაშენკოს შუამავლობით პუტინთან შეთანხმებას მიაღწია. გასულ დღეებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პრიგოჟინი ამბობდა, რომ ბელარუსის არმიას მსოფლიოში მეორე არმიად აქცევდნენ.

კომენტარები