პოლიციელების ძალადობა

ბათუმში აქციაზე დაკავებული: პოლიციელები ნეკნებისა და ბარძაყის მიდამოებში მირტყამდნენ

31 ივლისს ბათუმის პორტში გამართულ აქციაზე დაკავებული მოქალაქე, ილია ანთაძე ამბობს, რომ სამართალდამცველებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"პოლიციისთვის არანაირი მიზეზი არ მიმიცია იმისთვის, რომ დაკავების ორდერი გაეცათ. დამიჭირეს და ფიზიკურად გამისწორდნენ. მომაყენეს როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა [...] დაკავების მომენტში, პირველი სამი-ოთხი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ნეკნებისა და ბარძაყის მიდამოებში მირტყამდნენ". - ამბობს ანთაძე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ილია ანთაძის პროცესი დღეს, 1 აგვისტოს გაიმართა. ადმინისტრაციულ საქმეზე მომდევნო სხდომა 8 აგვისტოს ჩაინიშნა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, 31 ივლისს ბათუმში გამართულ აქციაზე პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.

"გამოძიების დაწყებას საფუძვლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სახალხო დამცველის აპარატიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან შემოსული შეტყობინებები დაედო". - წერია უწყების განცხადებაში.

31 ივლისს გვიან ღამით მოქალაქეები რუსეთიდან მომავალ საკრუიზო გემ ASTORIA GRANDE-ს ბათუმის პორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციაზე პოლიციამ ჯამში 23 ადამიანი დააკავა - მათ შორის ორი უკრაინის მოქალაქეცაა.

ომბუდსმენის ცნობით, სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა ბათუმის პორტში საპროტესტო აქციაზე დაკავებულ სამ მოქალაქეს, რომელთაგან ერთ-ერთმა, რ.მ.-მ ისაუბრა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორტის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა, ნავსადგურთან კი რკინის ჯებირებით შემოსაზღვრეს ტერიტორია, სადაც საკრუიზო გემი უნდა შემოსულიყო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმში გაჩერდა. საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში 27 ივლისს გაჩერდა. საკრუიზო ლაინერმა მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო და რუსი ტურისტები გადაჰყავდა, რომლებმაც მედიებთან ანტიქართული განცხადებები გააკეთეს.

ცნობილია, რომ 31 ივლისს შემოსულ საკრუიზო გემზე იმყოფებოდნენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც. ამჯერად რუს ტურისტებს ტელეარხ RU.TV-ის ვარსკვლავებთან ერთად მოგზაურობას სთავაზობდნენ.

ხომალდი პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და მომსახურებას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი უწევს.

კომენტარები