საქართველო-რუსეთი

საგამოძიებო: ბათუმში აქციაზე პოლიციელების შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დავიწყეთ

ფოტო: ბათუმელები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, 31 ივლისს ბათუმში გამართულ აქციაზე პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.   

უწყების განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

"გამოძიების დაწყებას საფუძვლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სახალხო დამცველის აპარატიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან შემოსული შეტყობინებები დაედო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას აქტიურ რეჟიმში ატარებს". - წერია განცხადებაში. 


31 ივლისს გვიან ღამით მოქალაქეები რუსეთიდან მომავალ საკრუიზო გემ ASTORIA GRANDE-ს ბათუმის პორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციაზე პოლიციამ ჯამში 23 ადამიანი დააკავა - მათ შორის ერთი უკრაინის მოქალაქეცაა.

ომბუდსმენის ცნობით, სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა ბათუმის პორტში საპროტესტო აქციაზე დაკავებულ სამ მოქალაქეს, რომელთაგან ერთ-ერთმა, რ.მ.-მ ისაუბრა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორტის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა, ნავსადგურთან კი რკინის ჯებირებით შემოსაზღვრეს ტერიტორია, სადაც საკრუიზო გემი უნდა შემოსულიყო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმში ჩერდება. საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში 27 ივლისს გაჩერდა. საკრუიზო ლაინერმა მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო და რუსი ტურისტები გადაჰყავდა, რომლებმაც მედიებთან ანტიქართული განცხადებები გააკეთეს.

ცნობილია, რომ 31 ივლისს შემოსულ საკრუიზო გემზე იმყოფებოდნენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც. ამჯერად რუს ტურისტებს ტელეარხ RU.TV-ის ვარსკვლავებთან ერთად მოგზაურობას სთავაზობდნენ.

საკრუზიო გემის მარშრუტი არის სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი. საკრუიზო ლაინერზე, დაახლოებით, 850 მგზავრი იმყოფება.

ხომალდი პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და მომსახურებას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი უწევს.

კომენტარები