საქართველო-რუსეთი

ბათუმში რუსი ტურისტების საკრუიზო გემის შემოსვლის საპროტესტო აქცია გაიმართება

საკრუიზო ლაინერი Astoria Grande ბათუმის პორტში
batumelebi.ge

საკრუიზო გემს, Astoria Grande-ს სტუდენტები ბათუმში აქციით დახვდებიან

"სტუდენტები მივემართებით ბათუმისკენ, რათა შესაფერისად დავხვდეთ რუსულ გემს. იგი 31 ივლისს, დილის 6 საათზე ჩერდება პორტში. ამ დროიდან დავიწყებთ შეკრებას. ცხრიდან ათ საათამდე კი გელით ყველას. განრიგის მიხედვით, სწორედ 10 საათზე აპირებენ რუსი „ტურისტები“ გემიდან გადმოსვლას და ბათუმის გარშემო ტურებში ჩართვას. ოკუპანტებს დავხვდებით ცოცხალი ჯაჭვით და მოგიწოდებთ ყველას, შემოგვიერთდეთ. რუსული გემის ადგილი საქართველოს პორტში არ არის!." - წერია განცხადებაში.

აქციას ადგილობრივი აქტივისტებიც გეგმავენ. ისინი შეკრებას დღეს, 30 ივლისს ღამით დაიწყებენ, დილით კი ბათუმის პორტში გემს დაელოდებიან.


მანამდე, ცნობილი გახდა, რომ 29 ივლისს საკრუიზო გემი Astoria Grande კვლავ გამოვა სოჭიდან და 31 ივლისს ბათუმში გაჩერდება. ამჯერად რუს ტურისტებს ტელეარხ RU.TV-ის ვარსკვლავებთან ერთად მოგზაურობას სთავაზობენ. ისინი გემის სცენაზე წარდგებიან. 

არტისტებს შორის არის Hi-Fi-ის ყოფილი სოლისტი მიტია ფომინი. ის 2022 წელს მონაწილეობდა პროპაგანდისტულ მარათონში "Zа Россию", რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად გაიმართა. უკრაინის ხელისუფლებამ მას სანქციები დაუწესა. ვებგვერდზე ომი და სანქციები წერია, რომ მან "მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსულ პროპაგანდაში და მხარი დაუჭირა რუსეთის პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას".

ფომინს უკრაინაში შესვლა აეკრძალა 2017 წელს, მას შემდეგ, რაც მან თქვა, რომ ყირიმი რუსეთის ეკუთვნის. 2022 წლის 1 ივნისს იგივე მიზეზით ფომინს ქვეყანაში შესვლა ლატვიამაც აუკრძალა.

2018 წელს ფომინმა მხარი დაუჭირა მოძრაობას პუტინის გუნდს, 2020 წელს კი თქვა, რომ პუტინმა სოციალური მნიშვნელობის პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, ფომინმა თქვა, რომ ის მზად არის ფრონტის ხაზზე ექიმად წავიდეს.

"თუ მამული მიხმობს და დავჭირდები, მაშინ აუცილებლად წავალ. ყველაფერს დავივიწყებ და სულ სხვა საქმეს გავაკეთებ“. - თქვა ფომინმა.

კრუიზის მონაწილეებს შორის არის ასევე რუსული მუსიკალური ჯგუფი Те100стерон.

27 ივლისს ჯგუფი ოლეგ გაზმანოვის ვაჟთან, როდიონ გაზმანოვთან ერთად ნიჟნი ნოვგოროდში კონცერტზე გამოვიდა. მსმენელები სამხედრო ჰოსპიტალის პაციენტები იყვნენ. ჰოსპიტალი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. 

კრუიზზე ასევე იქნება დმიტრი კოლდუნი, რომელიც 2007 წელს ბელარუსის სახელით ევროვიზიაზე წარდგა. მანამდე, მან მოიგო რუსული პროექტი -ვარსკვლავების ფაბრიკა.

2018 წელს მომღერალმა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ჩაატარა კონცერტი. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას მის წინააღმდეგ სანქციები არ შემოუღია, საიტზე ომი და სანქციები წერია, რომ ის „პუტინის რეჟიმის აგრესიულ პოლიტიკას აქტიურად უჭერს მხარს “.


27 ივლისს ბათუმში მოქალაქეები შეიკრიბნენ პორტში გაჩერებული საკრუიზო ლაინერი Astoria Grande-სთან, რომელმაც მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო და რუსი ტურისტები გადაჰყავდა. დემონსტრანტები გემის ქალაქში შემოსვლას აპროტესტებდნენ. საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში 27 ივლისს გაჩერდა. მედიასთან საუბარში რუსმა ტურისტებმა ანტიქართული კომენტარები გააკეთეს.

როგორც აქამდე იყო ცნობილი, ტურისტების მოგზაურობის ფარგლებში იგეგმებოდა სპეციალური საექსკურსიო ტური და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნება.

გემის მარშრუტი არის სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი. გავრცელებული ინფორმაციით, საკრუიზო ლაინერზე 850 მგზავრი იმყოფება.

ხომალდი პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და მომსახურებას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი უწევს.

კომენტარები