საქართველო-რუსეთი

გუმბათი: უძრავის ქონების გამოფენაში მონაწილეობა შემოგვთავაზეს, მაშინვე უარი ვთქვით

სამშენებლო კომპანია გუმბათის განცხადებით, ბათუმში რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, კომპანიის სახელი და ლოგო კი უნებართვოდ გამოიყენეს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია საჭიროდ მიიჩნევს, საჯაროდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია PEOPLE-REAL ESTATE-ის მიერ ორგანიზებულ გამოფენასთან დაკავშირებით.

ვადასტურებთ, რომ შემოთავაზება ნამდვილად გვქონდა, თუმცა, ღონისძიებაში მონაწილეობაზე მაშინვე უარი განვაცხადეთ.

კომპანიის სახელი და ლოგო უნებართვოდ იქნა გამოყენებული". - წერია განცხადებაში.

ლოგოსა და სახელის უნებართვოდ გამოყენების შესახებ განცხადება გაავრცელეს არქიმ და ტერასამაც

29-30 ივლისს ბათუმში რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა ჩატარდება. ინფორმაცია ღონისძიების ორგანიზატორის People Real-Estate-ის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

"საქართველო უცხოეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენისთვის უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს. თუმცა, როგორც ყველგან, წესები აქაც არის და გარკვეული საკითხები მოსაგვარებელია. ყველაფერში თავად გარკვევა არ გევალებათ. ჩვენ, უძრავი ქონების სააგენტო People-ის გუნდი, გიწვევთ პირველ გამოფენაზე, რომელიც ბათუმში საუკეთესო უძრავ ქონებას მიეძღვნება. აქ თქვენ მიიღებთ პასუხებს ყველა შესაძლო კითხვაზე, პირადად გაესაუბრებით ჩვენს წარმომადგენლებს და დარწმუნდებით, რომ ბათუმში თქვენი მოთხოვნების შესაბამისი სრულყოფილი ქონების პოვნა შესაძლებელია!" - წერია ვებგვერდზე.

ამავდროულად, სარეკლამო კამპანიის სახე კრემლის კარის მომღერალი, ირაკლი ფირცხალავაა, რომელიც ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ გამოფენა-გაყიდვა მისი კონცერტით დაიხურება.

კომენტარები