საქართველო-რუსეთი

განათლების სამინისტრო: რუსულ-ქართული უნივერსიტეტის გახსნაზე ცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოში რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სამინისტროს განმარტებით, რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადება არ შესულა.

"როგორც მოგეხსენებათ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ავტორიზაციის მინიჭების გარეშე არც ერთ სასწავლებელს არ აქვს საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება. საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებისთვის დაწესებულებამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საჯარო, ასევე კერძო სუბიექტისთვის.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით არის დეზინფორმაცია, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, განათლების სისტემისა და ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას". - წერია განცხადებაში. 

გასულ დღეებში საქართველოში დაფუძნებულ რუსულენოვან მედიასთან საუბრისას პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ თქვა, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტი გაიხსნება. კრემლისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს უნივერსიტეტის განსათავსებელი შენობის ძებნა. მისივე თქმით, სწავლა უფასო იქნება და ხარჯებს რუსეთის ფედერაცია დაფარავს.

"ახლა კონკრეტულად განიხილება ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შექმნის საკითხი. ამ ეტაპზე ჩვენ ვეძებთ შესაბამის ადგილს ამ სასწავლო დაწესებულების განსათავსებლად. უნივერსიტეტში სწავლა უფასო იქნება - დაფინანსების ხარჯებს საკუთარ თავზე რუსეთის ფედერაცია აიღებს. ეს იქნება უნიკალური უმაღლესი სასწავლებელი, რომელსაც სრულად დააკომპლექტებს რუსული მხარე. ვფიქრობ, სექტემბრის ბოლოსთვის გვექნება უფრო მკაფიო სურათი და გამოვაქვეყნებთ დეტალებს, რომლებიც ამ უნივერსიტეტს უკავშირდება". – თქვა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები