ვიქტორ ორბანი

ორბანი ევროკავშირს "LGBTQ თავდასხმაში" ადანაშაულებს

ვიქტორ ორბანი ევროპული პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფრანგეთში, სტრასბურგში, 2018 წლის 11 სექტემბერი.
EPA-EFE/PATRICK SEEGER

უნგრეთში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად, რასაც ქვეყანაში პირველ კვარტალში 25%-იანი ინფლაცია მოჰყვა, უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა ანტი-LGBT რიტორიკა გააძლიერა.

22 ივლისს რუმინეთში სიტყვით გამოსვლისას ორბანმა ევროკავშირს "LGBTQ თავდასხმაში" დასდო ბრალი და თქვა, რომ მისი ეროვნული მთავრობა ქვეყნის ქრისტიანულ ფესვებს დაიცავს.

"ევროკავშირი უარყოფს ქრისტიანულ მემკვიდრეობას, ახორციელებს მოსახლეობის ჩანაცვლებას მიგრაციის გზით… და ატარებს LGBTQ თავდასხმას". - განაცხადა ორბანმა.

მან ასევე თქვა, რომ ევროპარლამენტის მომავალ წელს გასამართ არჩევნებში იმ ქვეყნების მთავრობების გაძლიერების იმედი აქვს, რომლებიც გერმანიისა და საფრანგეთის მიერ წარმოდგენილ "ფედერალიზმს" ეწინააღმდეგებიან.

ორბანის მტკიცებით, ევროკავშირი "ან იმპერიაა, ან (ცალკეული) სახელმწიფოები… ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზიები: ფედერალისტები ჩვენს გამოდევნას ცდილობენ".

"მათ ღიად სურდათ უნგრეთში (2022 წელს) მთავრობის შეცვლა". - თქვა მან და დასძინა, რომ იგივე ხდება ახლა პოლონეთში, სადაც კონსერვატიული კანონი და სამართალი (PiS) შემოდგომაზე გასამართ არჩევნებში ხელისუფლებაში დარჩენას მესამე ვადით შეეცდება.

ორბანის თქმით, ფედერალისტებსა და ბრიუსელისთვის მეტი ძალაუფლების მიცემის მოწინააღმდეგეთა შორის ბალანსი მას შემდეგ დაირღვა, რაც გაერთიანებულმა სამეფომ ბლოკი დატოვა და შედეგად ვარშავა და ბუდაპეშტი ძლიერი მოკავშირის გარეშე დარჩნენ.

ვიქტორ ორბანი, რომელიც ხელისუფლებაში 2010 წელს მოვიდა, განთქმულია ევროკავშირსა და LGBT+ საზოგადოებაზე თავდასხმებით. ცნობისთვის, 15 ივლისს, სახელმწიფოს ანტი-LGBT ქმედებების გასაპროტესტებლად უნგრეთის დედაქალაქში, ბუდაპეშტში Pride-ზე ათასობით ადამიანი გამოვიდა.

კომენტარები