აშშ-ჩინეთი

100 წლის კისინჯერი პეკინში ვიზიტით ყოფნისას სი ძინფინგს შეხვდა

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰენრი კისინჯერი პეკინში ვიზიტისას. 2019 წლის 22 ნოემბერი
REUTERS/Jason Lee/Pool/File Photo

პეკინში მოულოდნელი ვიზიტით ჩასული ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰენრი კისინჯერი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს შეხვდა.

სიმ კისინჯერს,  რომელმაც 100 წლის იუბილე ახლახან იზეიმა და რომელიც ჩინეთში 100-ზე მეტი ვიზიტით არის ჩასული, უთხრა, რომ ეს ვიზიტი "განსაკუთრებული მნიშვნელობისაა".

"ჩინელი ხალხი არასდროს ივიწყებს თავის ძველ მეგობრებს და სინო-ამერიკული ურთიერთობები ყოველთვის იქნება დაკავშირებული ჰენრი კისინჯერის სახელთან". - თქვა სიმ.

კისინჯერმა მადლობა გადაიხადა, რომ სისთან შეხვედრა სწორედ იმ შენობაში გაიმართა, სადაც ჩინეთის ლიდერებს თავისი პირველი ვიზიტის დროს შეხვდა.

"ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მსოფლიო მშვიდობისა და ადამიანთა საზოგადოების პროგრესის საკითხია". - თქვა ვეტერანმა დიპლომატმა.

საპასუხოდ სიმ თქვა, რომ ჩინეთი სტაბილური ურთიერთობების ხელშეწყობისთვის აშშ-სთან მოლაპარაკებების მომხრეა.

მანამდე კისინჯერი ჩინეთის თავდაცვის მინისტრს, ლი შანგფუს და საგარეო საქმეთა ცენტრალური კომისიის ოფისის დირექტორს, ვანგ ისაც შეხვდა.

ვეტერანი დიპლომატის პეკინში ვიზიტის პარალელურად, ჩინეთის დედაქალაქში იმყოფებოდა კლიმატის საკითხებში აშშ-ს წარმომადგენელი, ჯონ კერიც, რომელმაც ჩინელ დიპლომატებთან კლიმატის კრიზისის გადაწყვეტის გზების ძებნაში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.

სინო-ამერიკული ურთიერთობების აღსადგენად მიმართული ძალისხმევის ფარგლებში, 18 ივნისს ჩინეთში ჩავიდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ხოლო 6 ივლისს პეკინს ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯანეტ იელენიც ეწვია.

1970-იან წლებში პრეზიდენტების, ნიქსონისა და ფორდის ადმინისტრაციებში სახელმწიფო მდივნისა და ეროვნული უშიშროების მრჩევლის თანამდებობებზე მომუშავე კისინჯერმა სინო-ამერიკული ურთიერთობების ნორმალიზებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.


აშშ-ჩინეთის ურთიერთობები ბაიდენის პრეზიდენტობის განმავლობაში მუდმივად დაძაბულია. გასულ წელს, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო ჩინეთმა შეიარაღებული ძალები უმაღლეს საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და კუნძულის გარშემო სამხედრო წვრთნები გამართა.

ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც თებერვლის დასაწყისში აშშ-ს საჰაერო სივრცეში შენიშნეს მფრინავი საჯაშუშო ბუშტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. 4 თებერვლის შემდეგ F-22-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეში სამი მსგავსი ობიექტი ჩამოაგდეს. ინციდენტის გამო ენტონი ბლინკენმა ჩინეთში 5-6 თებერვალს დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

მაისის ბოლოს ჩინეთმა აშშ-ს შეთავაზებაზე სინგაპურში გასამართ უსაფრთხოების ყოველწლიურ ფორუმზე შემდგარიყო ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა, უარი თქვა.

მალევე, ცნობილი გახდა მაისში მომხდარი ინციდენტის შესახებაც, რომლის დროსაც ჩინურმა ავიაგამანადგურებელმა სამხრეთ ჩინეთის ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მფრინავი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის სიახლოვეს "არასაჭირო აგრესიული" მანევრი განახორციელა.

მსგავსი შემთხვევა მოხდა ივნისის დასაწყისშიც, როცა ტაივანის სრუტეში მცურავ აშშ-ს შეიარაღებული ძალების კუთვნილ Chung-Hoon გამანადგურებელს ჩინური სამხედრო ხომალდი სახიფათოდ მიუახლოვდა და გზა გადაუჭრა.

9 ივნისს WSJ-მ გასაიდუმლოებულ სადაზვერვო მასალებზე წვდომის მქონე ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია კუბაზე ჩინური საჯაშუშო ბაზის განთავსების შესახებ. ამერიკული უსაფრთხოების წარმომადგენლებმა გავრცელებული ინფორმაცია თავდაპირველად არ დაადასტურეს ან ნაწილობრივ უარყვეს, თუმცა, მოგვიანებით თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ჩინეთის საჯაშუშო ბაზა კუნძულზე 2019 წლიდან, ჯერ კიდევ ტრამპის ადმინისტრაციის დროიდან ფუნქციონირებდა და ამის შესახებ ტრამპის ადმინისტრაცია იმავე ინფორმაციას ფლობდა, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია.

კომენტარები