19 ივლისს სტენფორდის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, მარკ ტესიე-ლავინიმ თქვა, რომ მისი ავტორობით გამოცემულ კვლევებში აღმოჩენილი შეცდომების გამო პოსტს დატოვებს.
მან სტუდენტებსა და თანამშრომლებთან შეხვედრისას თქვა, რომ თანამდებობას 31 აგვისტოს დატოვებს.
უნივერსიტეტის პრეზიდენტმა პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც დეკემბერში სამეურვეო საბჭომ მის ნაშრომებში აღმოჩენილი ხარვეზების განხილვა დაიწყო.
ნეირომეცნიერი ტესიე-ლავინი ამბობს, რომ მას არასდროს წარუდგენია სამეცნიერო ნაშრომი ისე, რომ არ ყოფილიყო დარწმუნებული მონაცემების სისწორეში, თუმცა, მისივე თქმით, თავის ნაშრომებში შეცდომები უფრო გულმოდგინედ უნდა მოეძებნა.
ნაშრომები, რომლებშიც შეცდომები აღმოაჩინეს, გამოქვეყნდა მანამ, სანამ ტესიე-ლავინი სტენფორდის პრეზიდენტი გახდებოდა.
თანამდებობის დატოვების მიუხედავად ტესიე-ლავინი დარჩება ფაკულტეტზე, როგორც ბიოლოგიის პროფესორი. მისივე თქმით, ის გააგრძელებს კვლევას ტვინის განვითარებასა და ნეიროდეგრადაციაზე.





