აშშ-ჩინეთი

ჰენრი კისინჯერი მოულოდნელი ვიზიტით პეკინში ჩავიდა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰენრი კისინჯერი პენტაგონში, დაჯილდოების ცერემონიაზე, 2016 წლის 9 მაისი.
Brendan Smialowski/AFP/Getty Images

ვეტერანი ამერიკელი დიპლომატი, 100 წლის ჰენრი კისინჯერი მოულოდნელი ვიზიტით პეკინში ჩავიდა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, ლი შანგფუს შეხვდა.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 18 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ლი შანგფუმ თქვა, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის "მეგობრული კომუნიკაცია" იმიტომ "განადგურდა", რომ "შეერთებულ შტატებში ზოგიერთმა ადამიანმა დათმობებზე უარი თქვა".

მანვე დასძინა, რომ ჩინეთს აშშ-სთან სტაბილური, პროგნოზირებადი და კონსტრუქციული ურთიერთობები სურს და იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთობების ჯანსაღ განვითარებას ხელს შეუწყობს.

ჩინურმა მხარემ გაავრცელა ჰენრი კისინჯერის სიტყვებიც. მისი თქმით, აშშ-მ და ჩინეთმა დაპირისპირებას თავი უნდა აარიდონ და გაუგებრობები მოაგვარონ.

"ისტორიამ და პრაქტიკამ აჩვენა, რომ არც შეერთებულ შტატებს და არც ჩინეთს არ შეუძლიათ ერთმანეთს მოწინააღმდეგეებად მოექცნენ. თუ ორი ქვეყანა ომში ჩაერთვება, ეს ორი ხალხისთვის შინაარსიან შედეგს არ მოიტანს". - დასძინა კისინჯერმა.

მოგვიანებით ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჩინეთის საგარეო საქმეთა ცენტრალური კომისიის ოფისის დირექტორს, ვანგ ისაც შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ვანგმა კისინჯერს უთხრა, რომ ტაივანის სრუტეში სტაბილურობის შესანარჩუნებლად შეერთებულმა შტატებმა "ტაივანის დამოუკიდებლობის სეპარატისტულ ქმედებებთან" ცხადად უნდა გაავლოს ხაზი.

ვეტერანი დიპლომატის პეკინში ვიზიტის პარალელურად, ჩინეთის დედაქალაქში იმყოფება კლიმატის საკითხებში აშშ-ს წარმომადგენელი, ჯონ კერიც, რომელიც ჩინელ დიპლომატებთან კლიმატის კრიზისის გადაწყვეტის გზების ძებნაში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავს.

მანამდე, სინო-ამერიკული ურთიერთობების აღსადგენად მიმართული ძალისხმევის ფარგლებში, 18 ივნისს ჩინეთში ჩავიდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ხოლო 6 ივლისს პეკინს ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯანეტ იელენიც ეწვია.

მიჩნეულია, რომ 100 წლის კისინჯერმა, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანამდებობას ორი პრეზიდენტის, რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის დროს იკავებდა, 1970-იან წლებში ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაძაბული ურთიერთობების ნორმალიზებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.


აშშ-ჩინეთის ურთიერთობები ბაიდენის პრეზიდენტობის განმავლობაში მუდმივად დაძაბულია. გასულ წელს, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო ჩინეთმა შეიარაღებული ძალები უმაღლეს საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და კუნძულის გარშემო სამხედრო წვრთნები გამართა.

ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც თებერვლის დასაწყისში აშშ-ს საჰაერო სივრცეში შენიშნეს მფრინავი საჯაშუშო ბუშტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. 4 თებერვლის შემდეგ F-22-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეში სამი მსგავსი ობიექტი ჩამოაგდეს. ინციდენტის გამო ენტონი ბლინკენმა ჩინეთში 5-6 თებერვალს დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

მაისის ბოლოს ჩინეთმა აშშ-ს შეთავაზებაზე სინგაპურში გასამართ უსაფრთხოების ყოველწლიურ ფორუმზე შემდგარიყო ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა, უარი თქვა.

მალევე, ცნობილი გახდა მაისში მომხდარი ინციდენტის შესახებაც, რომლის დროსაც ჩინურმა ავიაგამანადგურებელმა სამხრეთ ჩინეთის ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მფრინავი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის სიახლოვეს "არასაჭირო აგრესიული" მანევრი განახორციელა.

მსგავსი შემთხვევა მოხდა ივნისის დასაწყისშიც, როცა ტაივანის სრუტეში მცურავ აშშ-ს შეიარაღებული ძალების კუთვნილ Chung-Hoon გამანადგურებელს ჩინური სამხედრო ხომალდი სახიფათოდ მიუახლოვდა და გზა გადაუჭრა.

9 ივნისს WSJ-მ გასაიდუმლოებულ სადაზვერვო მასალებზე წვდომის მქონე ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია კუბაზე ჩინური საჯაშუშო ბაზის განთავსების შესახებ. ამერიკული უსაფრთხოების წარმომადგენლებმა გავრცელებული ინფორმაცია თავდაპირველად არ დაადასტურეს ან ნაწილობრივ უარყვეს, თუმცა, მოგვიანებით თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ჩინეთის საჯაშუშო ბაზა კუნძულზე 2019 წლიდან, ჯერ კიდევ ტრამპის ადმინისტრაციის დროიდან ფუნქციონირებდა და ამის შესახებ ტრამპის ადმინისტრაცია იმავე ინფორმაციას ფლობდა, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია.

კომენტარები