ფლორიდის გუბერნატორი და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის მთავარი კონკურენტი, რონ დესანტისი უსახსრობის გამო საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის თანამშრომლებს ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Politico ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ფლორიდის გუბერნატორის შტაბიდან 10-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. პერსონალის შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც დესანტისის კამპანიამ დაფინანსების მოლოდინები ვერ დააკმაყოფილა.
მიუხედავად იმისა, რომ ფლორიდის გუბერნატორმა ამ წლის მეორე კვარტალში $20 მილიონი შეაგროვა, მილიონ დოლარზე მეტი ხელფასში, გადასახადებში, დაზღვევასა და მონაცემთა დამუშავებაში დაიხარჯა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წინასაარჩევნო კამპანიისთვის თანხების მოზიდვის კუთხით ლიდერი აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გახდა. კამპანიის ინფორმაციით, მათ 77 მილიონი დოლარი შეაგროვეს, რაც "ყველაზე დიდი თანხაა დემოკრატების ისტორიაში".
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მეორე კვარტალში $35 მილიონზე მეტი შეაგროვა. 2023 წლის პირველ კვარტალში ყოფილმა პრეზიდენტმა $18 მილიონზე მეტი შეაგროვა.