ირანი

ირანში ჩადრის სავალდებულო ტარებას კვლავ მორალის პოლიცია გააკონტროლებს

AP

ირანში ჩადრის სავალდებულო ტარებას კვლავ მორალის პოლიცია გააკონტროლებს. მორალის პოლიციამ დროებით უკან დაიხია 2022 წლის სექტემბერში მაჰსა ამინის მკვლელობის შემდეგ, რადგან ხელისუფლება ამ გზით მასობრივი საპროტესტო აქციების შეკავებას ცდილობდა. აქციებზე მომიტინგეებს რეჟიმის შეცვლა სურდათ.

საპროტესტო აქციები ძირითადად ჩაიშალა 2023 წლის დასაწყისში მძიმე დარბევის შემდეგ, რომლის დროსაც 500-ზე მეტი მომიტინგე დაიღუპა და თითქმის 20 000 დააკავეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ირანის სხვადასხვა ქალაქში, განსაკუთრებით დედაქალაქ თეირანში ქალებმა პროტესტის ნიშნად ჩადრის ტარება შეწყვიტეს.

ხელისუფლება მთელი კრიზისის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ წესები არ შეცვლილა. ირანის სასულიერო მმართველები ჰიჯაბს განიხილავენ, როგორც ისლამური რევოლუციის მთავარ საყრდენს, რომელმაც ისინი ხელისუფლებაში მოიყვანა.

16 ივლისს ირანის პოლიციის ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომ მორალის პოლიცია გააგრძელებს ქალების დაკავებას, რომლებიც საზოგადოებაში ჰიჯაბის ტარებაზე უარს იტყვიან.

15 ივლისს ღამით, პოლიციამ ახალგაზრდა მსახიობი მოჰამედ სადეგი საკუთარ სახლში დაარბია და ადგილზევე დააკავა. მანამდე, სადეგმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ აკავებს ირანის პოლიცია ქალს ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო.

ასევე, უახლოეს მომავალში ირანის პარლამენტი კენჭს უყრის ახალ, უფრო მკაცრ სასჯელს სამოსის ტარების წესის დარღვევის გამო.


ქალების მხრიდან დრესკოდის მიმართ პროტესტი სექტემბერში ახალგაზრდა ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ გაიზარდა. ის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის "არასწორად ტარების" გამო დააკავა და სასტიკად სცემა. ქალი დაკავებიდან მალევე გარდაიცვალა. მას შემდეგ ირანელმა ქალებმა საჯარო სივრცეში ჰიჯაბის გარეშე დაიწყეს მოძრაობა. ბევრმა ცნობილმა ქალმა სოციალურ მედიაზე ჰიჯაბის გარეშე გადაღებული ფოტოები ატვირთა. 

ირანის ხელისუფლება ქალების ე.წ დრესკოდის გაკონტროლების მიზნით, საჯარო სივრცეში და ტრასებზე სათვალთვალო კამერებს აყენებს. პოლიციის ცნობით, კონტროლის გამკაცრება ქალების მხრიდან მსგავს გადაცდომათა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია. 

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წესების დარღვევის შემთხვევაში, იდენტიფიცირებული პირი მოსალოდნელ სასჯელთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ შეტყობინებას წერილობით მიიღებს. 

ასევე, კონტროლის გამკაცრების მიზნით, თეირანის მეტროში სპეციალური ჯგუფი განთავსდება, რომელიც ქალების დრესკოდს გააკონტროლებს. ჰიჯაბის გარეშე ქალი მგზავრები მეტროში არ დაიშვებიან

კომენტარები