ნიუ-იორკი

ნიუ-იორკში 10 წელზე მეტი ხნის წინ მომხდარ გახმაურებულ მკვლელობებში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს

ნიუ-იორკის შტატის პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ლონგ-აილენდის მახლობლად 10 წელზე მეტი ხნის წინ მომხდარ გახმაურებულ მკვლელობებში არის ეჭვმიტანილი. 

2010-2011 წლებში ნიუ-იორკიდან 64 კმ-ში, სანაპიროზე 11 ადამიანის სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს. მსხვერპლთა შორის უმეტესად სექს-მუშაკები იყვნენ. დაღუპულთაგან 9 ქალი, 1 კაცი და მცირეწლოვანი ბავშვია. მომხდარს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ნიუ-იორკის შტატის საფოლკის ოლქის პოლიციის კომისრის, როდნი ჰარისონის ცნობით, ეჭვმიტანილი პოლიციამ 13 ივლისს, 20:30 საათზე მანჰეტენში დააკავა. ამ დრომდე პოლიცია ეჭვმიტანილის ვინაობასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არ ასაჯაროებს. 

NBC-ის ცნობით, ეჭვმიტანილი 59 წლის კაცია, რომელიც პროფესიით არქიტექტორია. ის სანაპიროდან 20 წუთის სავალზე ცხოვრობდა. New York Times-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ეჭვმიტანილის სახელი რექს ჰერმანია. 

CNN-ის ინფორმაციით, ჰერმანს 3 ქალის მკვლელობისთვის 6 მუხლით ბრალდება ემუქრება.

კომენტარები